აქტივისტის პორტრეტი: ელენე ცერცვაძე

ელენე ცერცვაძე – სამოქალაქო აქტივისტი, „იპოდრომი – უბეტონო მხარე“ დამფუძნებელი

მე ვარ ელენე ცერცვაძე, პროფესიით არქიტექტორი და დიზაინერი, მოძრაობა „იპოდრომი – უბეტონო მხარეს“ დამფუძნებელი. ვცხოვრობ იპოდრომის მიმდებარედ და რამდენიმე წელია ყოფილი იპოდრომის ტერიტორიის დასაცავად ვიბრძვი.

ბავშვობიდან მოყოლებული, ცხოვრების დიდი ნაწილი იპოდრომზე. მაქვს გატარებული. თავდაპირველად, სანამ ფუნქციას შეიცვლიდა, საჯირითოდ და სასეირნოდ დავდიოდი, მოგვიანებით კი სავარჯიშოდ და მეგობრებთან ერთად დროის გასატარებლად ვსტუმრობდი, პიკინიკებსა და უამრავ თავშეყრაზე ვყოფილვარ იპოდრომზე. ჩემთვის, ეს ადგილი განსაკუთრებულ როლს ასრულებდა. დატვირთულ და მძიმე დღეებში, ძალიან დაღლილს ერთადერთ ადგილად მეგულებოდა თბილისში, სადაც ფიზიკურად და ემოციურად დასვენება შემეძლო. ეს ყველაფერი კი იმის დამსახურება იყო, რომ იპოდრომი ერთადერთი პარკია ქალაქში, რომელსაც ლანდშაფტური პარკის სახე ჰქონდა და დეკორირებული ბაღებისა და კომერციული ობიექტების ნაცვლად, ბუნებრივ გარემოში მინდორსა და ტყეში შეგეძლო დასვენება, სადაც ბუნება თავის რეალურ ფუნქციას ასრულებდა და არა ანტურაჟის როლს.

2020 წლის წინასაარჩევნო კამპანიის დროს, კახა კალაძის პირდაპირი ეთერით შევიტყვე იპოდრომის ცენტრალ პარკად გადაქცევის გეგმის შესახებ, რომელიც სრულად ეწინააღმდეგებოდა ამ შესანიშნავი პარკის ფუნქციასა და ღირებულებას.  რამდენიმე კვირის სასოწარკვეთაში გატარების შემდეგ, მეგობრებთან ერთად გადავწყვიტე საპორტესტო აქცია მოგვეწყო, რადგან ყველას მიგვაჩნდა, რომ იპოდრომის ასეთი ცვლილება დამაზიანებელი იქნებოდა ტერიტორიისთვის, მთელი ქალაქის ურბანული სტრუქტურისა და თბილისის მოსახლეობისთვის.

პროტესტის დაწყებიდან, მალევე აღმოვაჩინეთ, რომ გარდა პარკის კონცეფციის შინაარსისა, კანონების დარღვევასთან გვქონდა საქმე, რადგან ტერიტორიაზე მიმდინარე სამშენებლო პროცესებს,  რომელიც სავალდებულო კვლევების გარეშე და დაუსრულებული პროექტით დაიწყეს, არც ერთ სახელმწიფო სტრუქტურაში არანაირი ოფიციალური დოკუმენტი არ ადასტურებს. შესაბამისად, რამდენიმე წელია ჩვენი პროტესტი პარალელურად მიმდინარეობს ქუჩასა და სასამართლოში.

ტერიტორიის ტყის ერთი ნაწილი თავიდანვე ფონდი „ქართუს“ მფლობელობაში დარჩა. ვეჭვობდი, რომ ერთ მშვენიერ დღეს, მის სამშენებლო მოედნად გადაქცევას დააპირებდნენ და ამ ზაფხულში ეს „მშვენიერი დღეც“ დადგა.  მიუხედავად იმისა, რომ თბილისის საკრებულოსთან შეხვედრაზე იპოდრომის სამეზობლო თემი ორჯერ ვიყავით და დაპირება მივიღეთ, რომ არანაირ გადაწყვეტილებას არ მიიღებდნენ ტყის ნაწილთან დაკავშირებით ჩვენი ჩართულობის გარეშე, როგორც სჩვევიათ, უჩუმრად და მოტყუებით ჩაატარეს განხილვა და დათანხმდნენ ტერიტორიის ახალი მფლობელის – სოსო ფხაკაძისა და „ვისოლი გრუფის“ ინიციატივას, შეეცვალათ სარეკრეაციო ზონის სტატუსი და ტერიტორიაზე ცათამბჯენების მშენებლობისთვის აენთოთ მწვანე შუქი. ამ ეტაპზე ველით დოკუმენტებს ტყის ნაწილთან დაკავშირებით, რათა ეს გადაწყვეტილებაც გავსაჩივროთ სასამართლოში.

დღევანდელ დღეს, როდესაც ცხოვრების რიტმი ასეა აჩქარებული, გაიზარდა სტრესი და დაღლილობა, დამძიმდა ეკოლოგიური მდგომარეობა (სამწუხაროდ, ჩვენს ქალაქში განსაკუთრებით) და შეიცვალა ადამიანის ცხოვრების წესი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ჩვენს საცხოვრებელ გარემოში სარეკრეაციო სივრცეების არსებობა. სივრცეების, სადაც შევძლებთ დავისვენოთ, ვივარჯიშოთ, მეგობრებთან ერთად გავერთოთ, გავასეირნოთ შინაური ცხოველები, წიგნი წავიკითხოთ ან ველოსიპედით ვისეირნოთ. ეს უნდა მოხდეს არა ხელოვნურ და დეკორირებულ გარემოში, არამედ რეალურ სარეკრეაციო სივრცეში, როგორიც იყო იპოდრომი. ადგილი, რომელსაც შენარჩუნებული აქვს თავისი მიკრო-კლიმატი, სადაც წლის ნებისმიერ მომენტში, ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით განსხვავდება, სადაც შესვლისთანავე გრძნობ, რომ უკან ჩამოიტოვე გამონაბოლქვი და მანქანების ხმაური, სადაც გავიწყდება ეს აჩქარებული რიტმი და გადატვირთული ქალაქი. ეს ყველაფერი უზარმაზარ გავლენას ახდენს ჩვენს ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე და იმის ნაცვლად, რომ ეს თვითნაბადი პარკი შეგვენარჩუნებინა და განგვევითარებინა, მისი დეკორირებულ, კომერციულ და პარკინგებით სავსე სივრცედ გარდაქმნა არის დანაშაული.

გარდა ამისა, როგორც ზემოთ ავღნიშნე, ამ პარკს და მით უმეტეს, სოსო ფხაკაძის ცათამბჯენებს ძალიან მძიმე გავლენა ექნებათ ქალაქის ურბანულ სტრუქტურაზე. ისედაც დატვირთულ კვანძს, კიდევ უფრო მეტად დავტვირთავთ, გაიზრდება საცობები ამ მონაკვეთზე, რაც ჯაჭვური პრინციპით გაზრდის კავშირში მყოფი კვანძების გადატვირთვას. თბილისის ყველა მცხოვრები გეტყვით, რომ ქალაქში საცობების კუთხით უმძიმესი მდგომარეობაა. ხან მოძრაობის მიმართულებას ვცვლით, ხან რა წესს ვიგონებთ, ხან რას ვთხზავთ ამ პრობლემის მოსაგვარებლად და ამავდროულად, ქალაქის მერია და ბიზნეს სექტორი ასეთ გადაწყვეტილებებს იღებს. რა ფოკუსიც არ უნდა ჩაატარო,  თუ გაზრდი განაშენიანებას და დატვირთვას, არ ეშველება საცობებს და გამონაბოლქვს. ამას ვერ და არ ხვდება ჩვენი ქალაქის მერია და მითუმეტეს ბიზნეს სექტორი.


ბოლო დროს, როცა მეკითხებიან, გადარჩება იპოდრომი თუ არა, ყველას ვპასუხობ, რომ იპოდრომის გადარჩენის ერთადერთი შანსი არის ნორმალური სახელმწიფო, რომელშიც გადაწყვეტილების მიმღები პირები თავიანთი მოქალაქეების ინტერესებსა და საჭიროებებზე დაყრდნობით, დაინტერესებული მხარეებისა და პროფესიული ჯგუფების ჩართულობით გადაწყვეტენ ამა თუ იმ პრობლემას და არა ოლიგარქის ქონების უსასრულობამდე გაზრდის მისწრაფებით. უბრალოდ წარმოუდგენელია, თანამედროვე სამყაროში მცხოვრები ადამიანი ამ ოლიგარქიულ წყობაში არსებობას ეგუებოდეს. იპოდრომი თავისუფლებას, ბუნების და ადამიანის სიყვარულს ასწავლიდა თავის სტუმრებს და მგონია, უბრალოდ შეუძლებელია ეს ღირებულებები ოლიგარქიულ მონობასთან თავსებადი იყოს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *