
აქტივისტის პორტრეტი: ნინო ბაისონაშვილი
ნინო ბაისონაშვილი: ქალთა უფლებადამცველი, ფემინისტი აქტივისტი.
ჩემი აქტივიზმი, 2019 წელს, ქალთა უფლებების დაცვით და მხარდაჭერით დაიწყო, რასაც თანამოაზრეებთან ერთად ფემინისტური არასამთავრობო ორგანიზაციის დაფუძნება მოჰყვა 2020 წელს. „ფემინა“ იდეის გარშემო აერთიანებს არა მხოლოდ დამფუძნებელ და პროექტებში დასაქმებულ ადამინებს, არამედ უამრავ ქალს, რომლებსაც ძალიან სჭირდებოდათ პლატფორმა, სადაც სათქმელის გაზიარებას და ერთმანეთის მხარდაჭერას შეძლებდნენ. ასე შეიქმნა ჩვენი ფონდი, ონლაინ პლატფორმები, რომელიც თანდათან იზრდებოდა და ვითარდებოდა. ამ დროისთვის ჩვენს ორგანიზაციას , თავის პარტნიორებთან ერთად, განხორციელებული აქვს სერვისების მიწოდებასა და ქალთა საჭიროებების ადვოკატირებაზე ორიენტირებული ათამდე მხარდამჭერი პროექტი.
ჩვენი ძირითადი ღირებულება ინკლუზიურობაა, ხოლო პრინციპი ქალები ქალებისთვის, რაც ნიშნავს, რომ ჩვენი კარი ღიაა ყველასთვის, ვისაც ჩვენთან ერთად კარგი საქმის გაკეთება უნდა .
მიუხედავად იმისა, რომ მოგვიანებით, სასწავლებლად წავედი საზღვარგარეთ, პროექტების განხორციელება და ორგანიზაციული საქმიანობა ერთი წამით არ შემიწყვეტია, რაც , დიდ წილად, საქართველოში დარჩენილი ჩემი გუნდის წევრების და მათი თავდადების დამსახურებაა. ვისარგებლებ და მადლობას გადავუხდი მათ ამისთვის.
საფრანგეთში სასწავლებლად 2022 წელს გავემგზავრე, ენების და ლიტერატურის კვლევის სამაგისტრო პროგრამაზე, რომელიც წარმატებით დავამთავრე 2024 წელს. მივიღე შედარებითი ლიტერატურის მკვლევარის ხარისხი. ლიტერატურაში, განსაკუთრებით, გენდერის კვლევა მაინტერესებს. ჩემი ორივე სამაგისტრო ნაშრომი თანამედროვე ევროპულ ლიტერატურაში გენდერის პერსპექტივებს, ომს, მეხსიერებას და მასკულინური დომინაციის გავლენას იკვლევდა ქალების ყოფასა და ბედისწერაზე. ამ ეტაპზე, იმავე მიმართულებით სადოქტორო პროგრამისთვის ვემზადები და დისერტაციას თანამედროვე ფრაკოფონული ლიტერატურის ინტერსექციური ფემინიზმის პერსპექტივებს მივუძღვნი.
საფრანგეთში ხელმეორედ ვარ სასწავლებლად. ეს ჩემი მეორე მაგისტრატურაა, რომელზეც სპეციალურად საფრანგეთში სწავლის მსურველთათვის შექმნილი კომფორტული პლატფორმის (Etude en France/ სწავლა საფრანგეთში) საშუალებით მოვხვდი და გადავწყვიტე, რომ კვლევა სამაგისტრო საფეხურზე არ მიმეტოვებინა და დოქტორის ხარისხისთვისაც მებრძოლა. როგორც სტუდენტმა, საფრანგეთში საკმაოდ ბევრი შეღავათი მივიღე. სწავლის გადასახადი, ზოგადად, მინიმალურია. სახელმწიფო უნივერისტეტში მხოლოდ ჩაწერის ხარჯებს იხდი. ხოლო თუ სტიპენდია არ გაქვს, ხარჯებს შენ ფარავ. ცხოვრება სტუდენტურ საცხოვრებელში დავიწყე, როგორც ყველამ , რის გადახდაშიც ნაწილობრივ საფრანგეთის სახელმწიფო მეხმარებოდა.
საფრანგეთში სწავლის განმავლობაში, ბევრ თავშესაფრის მაძიებელ ქართველს შევხვდი. საქართველოდან ოჯახების მიგრაციის მიზეზი საკუთარი ან ოჯახის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობაა. რასაც დავაკვირდი, ეკონომიკური მიზეზები მეორე ადგილზეა. ძირითადად, აქ ადამიანები მკურნალობის მიზეზით მოდიან, განსაკუთრებით მძიმე დაავადების მქონე პირები და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე არასრუწლოვანთა მშობლები. ერთი მხრივ, საქართველოში, სახელმწიფო მათ არ სთავაზობს მათზე მორგებულ ჯანდაცვის სერვისებს და ფიზიკურად ვეღარ აუდიან მედიკამენტების ხარჯებს, რაც აქ უფასოდ აქვთ და მეორე მხრივ, არის შემთხვევებიც, როცა დიაგნოსტირებიდან დაწყებული , მთელი მკურნალობა შეცდომითაა წარმართული, რის გამოსასწორებლად და სიცოცხლის გადარჩენის ერთადერთ იმედად, საფრანგეთის ჯანდაცვის სისტემა ესახებათ.
საფრანგეთში შვილებთან ერთად ვცხოვრობ. მანამდე, საქართველოში ვზრდიდი შვილებს. ამ ორ ქვეყანას შორის მთავარი განსხვავება, პირველ რიგში, განათლების პროცესის ინკლუზიურობა, მოქნილობაა. მე ვიყავი სტუდენტი და ამავდროულად, სკოლის ორ მოსწავლეზე პასუხისმგებელი პირი. ჩემი ლექციების გრაფიკი ჩემი შვილების გაკვეთილების დამთავრებას ხშირად ემთხვეოდა. ასეთ დროს მასწავლებელს მივუთითებდი, რომ საღამომდე ვტოვებდი ბავშვებს სკოლაში კონკრეტულ დღეს, რაშიც მე არაფერს ვიხდიდი. სასკოლო კვება ასევე უზრუნველყოფილია და მშობელს არ აწუხებს, რომ შვილი მშიერია.
გამომდინარე იქიდან , რომ ჩემი შვილები ფრანგულად არ ლაპარაკობდნენ, რადგან საქართველოში დაიბადნენ და გაიზარდნენ, ენის კურსები მათთვის ასევე უფასო და ხელმისაწვდომი იყო, რის წყალობითაც ერთ წელიწადში ისინი ფრანგულად ალაპარაკდნენ.
ზაფხულში, დიდი დისკუსია გამოიწვია პარიზის ოლიმპიადამ. საქართველოში, მას პოლიტიკოსების მხრიდანაც კი მოჰყვა განცხადებები. ოლიმპიადის გახსნა ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი რამ იყო, რაც მინახავს ცხოვრებაში. მრავალფეროვნების, ტოლერანტობის და უბრალოების ზეიმი, ნამდვილი Hymne à l’ amour (ჰიმნი სიყვარულს) , რომელიც ლეგენდარულმა სელინ დიონმა შეასრულა.
მე მინდა, ვიცი და მჯერა, რომ საქართველო ძალიან დაემსგავსება ,,ოლიმპიადას“ და ამას პოპულისტი ფსევდო-ლიდერები და მათი განცხადებები, რომ საქართველოში ცხოვრება ოლიმპიადის გახსნას არ დაემსგავსება, ამას ვერ შეაჩერებენ, რადგან სიკეთე და სიყვარული დაუმარცხებელია.
თვალთმაქცობას არ ვაპირებ, აქაც დიდი დისკუსია გამოიწვია ოლიმპიადის გახსნამ, მაგრამ ეს მაღალი თანამდებობის პირებს ნამდვილად არ წაუხალისებიათ. საბოლოო ჯამში, ეს იყო ულამაზესი, სიყვარულის, მშვიდობის და მრავალფეროვნების საერთო ზეიმი და ბედნიერი ვარ, რომ ამ ისტორიულ დღეებში, მხვდა პატივი , პარიზში ვყოფილიყავი.
და ბოლოს, ვფიქრობ, ორი ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური სისტემის შედარება, რომლებსაც განსხვავებული შესაძლებლობები და გამოცდილება აქვთ, ცოტა უმართებულო იქნებოდა, რადგან ჩვენ შორის უზარმაზარი სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური ასიმეტრიაა. თუმცა, ცხადია, რომ ჩვენ არასდროს უნდა შევწყვიტოთ ასეთ ქვეყნად ყოფნისკენ სწრაფვა.
Leave a Reply