აქტივისტის პორტრეტი: ანა ტრაპაიძე
ანა ტრაპაიძე – სამოქალაქო აქტივისტი, „დიღმის ჭალების“ მოძრაობის დამფუძნებელი
მე ვარ ანა ტრაპაიძე, პროფესიით ბიოფიზიკოსი. სამედიცინო უნივერსიტეტში ფიზიკასა და ბიოფიზიკას ვასწავლი. უკვე მეხუთე წელია, რაც გარემოსდაცვით აქტივიზმში ჩავერთე და დიღმის ჭალების დასაცავად მოძრაობას ვხელმძღვანელობ.
დიღმის ჭალების მოძრაობა 2020 წლის გაზაფხულზე სპონტანურად დაიწყო, როდესაც ადგილობრივმა მოსახლეობამ გადაწყვიტა, ებრძოლა საკუთარი სახლების მიმდებარე სარეკრეაციო სივრცის ინტენსიური განადგურების წინააღმდეგ. უკანონო საქმიანობები მოიცავდა ქვა-ღორღის ინტენსიურ მოპოვებასა და გადამუშავებას, ასევე სამშენებლო და ინერტული ნარჩენების ქვეშ ტყის მიზანმიმართულ დამარხვას. ჩანდა, რომ ამ ქმედებების მიზანი საჯარო სარეკრეაციო არეალის რესურსის სრულად ამოწურვა, შეუქცევადი დეგრადაცია და სამომავლოდ სამშენებლო მიზნებისთვის გასხვისება იყო.
დიღმის ჭალებისთვის ბრძოლა, დროთა განმავლობაში, მრავალ ეტაპს მოიცავდა და თანდათან განვითარდა. თავდაპირველად, მოძრაობის მიზანი იყო დიღმის ჭალების გადარჩენა, დამანგრეველი უკანონო საქმიანობების შეჩერება და ჭალების კრიტიკული მნიშვნელობის წარმოჩენა ქალაქისთვის. ამისთვის მოძრაობამ მიმართა მრავალფეროვან მეთოდებს, მათ შორის საპროტესტო აქციებს, მედია გაშუქებას, ცნობიერების ამაღლების კამპანიებს, ადგილის ინსპექტირებასა და დოკუმენტირებას, ასევე სამართლებრივი ბერკეტების გამოყენებას. ამ ძალისხმევის შედეგად, დაახლოებით ერთი წლის თავზე, მოძრაობამ შეძლო ყველა უკანონო საქმიანობის ლეგალურად შეჩერება.
ამ წარმატების შემდეგ, მოძრაობის მიზანი გახდა უკვე დიღმის ჭალების აღდგენისთვის ბრძოლა. ამ ახალი ეტაპის დასაწყებად, აუცილებელი იყო, პასუხისმგებელ და ზედამხედველ სახელმწიფო უწყებებს ეღიარებინათ ის ზიანი, რაც დიღმის ჭალებს მიადგა. ასევე საჭირო იყო ზიანის შეფასება, გამოძიება და შესაბამისი პირებისთვის გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის დაკისრება. ეს პროცესი აღმოჩნდა ყველაზე შრომატევადი ნაწილი, რომელიც საზოგადოების მხრიდან დიდ ინტერესსა და ჩართულობას მოითხოვდა და სამართლებრივ პროცესებზე გადიოდა. გამოძიება და სასამართლო პროცესები წლებია მიმდინარეობს, რამაც ნათლად გამოაჩინა დიღმის ჭალებზე მიყენებული ზიანის მასშტაბი, კომპლექსურობა და სისტემური ხარვეზები.
პარალელურად, საზოგადოებისა და გადაწყვეტილებების მიმღები უწყებების ინფორმირებულობის გაზრდასთან ერთად, მოძრაობა დაუკავშირდა თბილისის მერიის დონორ ორგანიზაციებს, კონკრეტულად აზიის განვითარების ბანკს. თავდაპირველად, ბანკს დიღმის ჭალებში მხოლოდ პატარა, 8 ჰექტარამდე პარკის მშენებლობა უნდა დაეფინანსებინა. თუმცა, მოძრაობის ძალისხმევით, დონორი დათანხმდა, რომ მთლიანად შეესწავლა დიღმის ჭალების მდგომარეობა და სარეკრეაციო პოტენციალი და დიღმის ჭალების რეაბილიტაციის სტრატეგია დაემუშავებინა. ეს პროექტი 2023-2024 წელს დამუშავდა და ამჟამად მიმდინარეობს სტრატეგიის საბოლოო დოკუმენტის შეთანხმება მერიასთან. სტრატეგიის მთავარი ხედვაა, რომ დიღმის ჭალებში მინიმუმ 120 ჰექტარი შეიძლება აღდგეს და განვითარდეს სარეკრეაციო მიზნებით, მათ შორის დაცული ჭალის ტყის სახითაც.
მიუხედავად ამ მნიშვნელოვანი პროგრესისა, დიღმის ჭალების მოძრაობა კარგად აცნობიერებს, რომ მხოლოდ სტრატეგიული დოკუმენტი ვერ იქნება გარანტი იმისა, რომ დიღმის ჭალების განადგურებისა და პრივატიზაციის საკითხი აღარ დადგება დღის წესრიგში. ამიტომ, ამჟამად მოძრაობის ყურადღება, სამართლებრივი დავების პარალელურად, მიმართულია საზოგადოების ჩართულობის ზრდის, რისკების მონიტორინგისა და სტრატეგიის დოკუმენტის განხორციელებისკენ.
რეკრეაციული სივრცეები ქალაქებში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ როგორც მოქალაქეების, ისე მთლიანად ურბანული გარემოს კეთილდღეობისთვის. ისინი წარმოადგენენ მრავალფუნქციურ არეალს, სადაც ადამიანებს შეუძლიათ იზრუნონ საკუთარ ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე, გამოხატონ საკუთარი თავი და დაამყარონ სოციალური კავშირები. ამავდროულად, ეს სივრცეები ქმნიან ეკოლოგიურ ოაზისებს ურბანულ გარემოში, ხელს უწყობენ ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას და აძლიერებენ ქალაქის მდგრადობას კლიმატის ცვლილებების მიმართ.
დიღმის ჭალები თბილისისთვის განსაკუთრებულ ღირებულებას წარმადგენს, როგორც ერთ-ერთი უდიდესი და ერთადერთი შემორჩენილი ჭალის ტყის ლანდშაფტი ქალაქში, რომელიც გამოირჩევა თავისი მასშტაბითა და ბიომრავალფეროვნებით. მისი მრავალფუნქციური პოტენციალი, რომელიც მოიცავს სარეკრეაციო, ეკო-ტურისტულ, სპორტულ და საგანმანათლებლო ასპექტებს, მას აქცევს უმნიშვნელოვანეს აქტივად მთელი ქალაქისთვის.
დიღმის ჭალების წართმევით თბილისს და მის მოსახლეობას ართმევენ ისედაც არასაკმარის საზოგადოებრივ სივრცეს ჯანსაღი ცხოვრების წესის, დასვენებისა და სოციალიზაციისთვის; უნიკალურ ეკოსისტემას, რომელიც ხელს უწყობს ქალაქის ეკოლოგიურ ბალანსს და წარმოაგენს მნიშნელოვან ინსტრუმენტს კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლაში; პოტენციურ ეკო-ტურისტულ და საგანმანათლებლო ობიექტს.
ჯანსაღი და უსაფრთხო გარემო ჩვენი კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა და ჩვენი კეთილდღეობისა და მდგრადი განვითარების საფუძველს წარმოადგენს. თუმცა, პოლიტიკური მონოპოლია ხშირად იწვევს ბუნებრივი რესურსების არამდგრად ექსპლუატაციას და გარემოს დეგრადაციას. სწორედ ამიტომ, ახალგაზრდების საარჩევნო ხმა ის დემოკრატიული ბერკეტია, რომლითაც შესაძლებელია, მოითხოვო გარემოს დაცვა და მდგრადი განვითარების ქვეყნის პოლიტიკურ დღის წესრიგში მოხვედრა. არჩევანი ევროპული ღირებულებებისაკენ, როგორიცაა ეკოლოგიური სიძლიერე და მდგრადობა, არის გზა, რომლითაც შენ შეგიძლია რეალური გავლენა მოახდინო ქვეყნის მომავალზე.
Leave a Reply