ავტორიტარიზმი და გარემოსდაცვა
ავტორი: ალა პარუნოვა
ამ სტატიის წერა უხერხულობის შეგრძნებით დავიწყე. უხერხულობის, რადგანაც ქვეყანაში არსებული პოლიტიკური გარემო თითქოსდა გვიზღუდავს მსჯელობის, საუბრისა თუ პოლიტიკური აქტიურობის სფეროს. ისმევა კითხვა: რა დროს გარემოსდაცვაა, როდესაც ავტორიტარული სისტემის ჩამოყალიბების ისტორიული მოვლენების წინაშე ვდგავართ? მეორეს მხრივ, უხერხულობის შეგრძნება ასევე ეხება სოლიდარობისა და ჩართულობის ნაკლებობას ისეთ პროტესტებში, როგორიცაა მაგალითად, სოფელი შუქრუთის, ზოდისა თუ ბალდის მაცხოვრებლების პროტესტებია. მაშინ როდესაც გარესდაცვითი საკითხები, დიდწილად არასდროს გამოირჩეოდა პოპულარულობით საქართველოში, ამ სტატიაში მინდა გავამახვილო ყურადღება იმაზე თუ როგორ იკვეთება ავტორიტარული სისტემა ბუნებრივი რესურსების ექსპლუატაციასთან და რატომაა მნიშვნელოვანი პოლიტიკურ დღის წესრიგში გარემოსდაცვითი საკითხების შემოტანა.
ბოლო რამდენიმე თვეში სახელმწიფო დონეზე მიღებული კანონები მათ შორის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”, ე.წ. ოფშორების და ჰომოფობიური კანონები, ქვეყანაში დემოკრატიის კრიზისს მოასწავებს და საფუძველს უყრის ავტორიტარული სისტემის ჩამოყალიბებას. მეორე მხრივ, პარალელურად გრძელდება პროტესტი სხვადასხვა რეგიონში, გარემოსდაცვითი საკითხების გარშემო. სოფელი შუქრუთისა და ზოდის მაცხოვრებლები აპროტესტებენ სოფლების განადგურებას წიაღისეულის მოპოვების გამო, ხოლო ბალდის კანიონის მცველები ეწინააღმდეგებიან ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს გასხვისებას. ეს ორი საკითხი, მყარადაა გადაჯაჭვული ერთმანეთთან, რადგანაც ავტორიტარული სისტემის ჩამოყალიბება, სხვა ყველაფერთან ერთად, ეფუძნება ქვეყანაში არსებული ეკონომიკური და ბუნებრივი რესურსების ადამიანების მცირე რიცხვის ხელში ჩაგდებასა და ფულისა თუ კაპიტალის საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის გამოყენებას.
იან ბრაფი (2016) ნეოლიბერალურ ავტორიტარიზმზე საუბრისას აღნიშნავს, რომ ავტორიტარიზმი მხოლოდ და მხოლოდ ბრუტალური ძალის გამოყენებას არ გულისხმობს, არამედ სახელმწიფოს და ინსტიტუციური ძალაუფლების იმგვარ ცვლილებებს, რომლებიც დაიცავენ მთავრობასა და კორპორატიულ პოლიტიკას სოციალური და პოლიტიკური წინააღმდეგობისგან. შესაბამისად, ასეთ ავტორიტარულ სისტემებში მთავრობა იყენებს თავის ძალაუფლებას არამხოლოდ კანონის აღსრულებისთვის, არამედ გარემოსა და საზოგადოების იმგვარი ცვლილებისთვის რაც კორპორაციებს შესაძლებლობას მისცემს დოვლათი დააგროვონ ბუნებრივი რესურსების ხარჯზე. ეს კი გამოიხატება არამხოლოდ კანონების ცვლილებაში, არამედ გარემოსდაცვითი მექანიზმების შესუსტებასა და საზოგადოებრივი ჩართულობის მორღვევაში გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ამ შემთხვევაში, ავტორიტარული სისტემა არა მხოლოდ უზღუდავს ადგილობრივ მოსახლეობას მიწასა და ბუნებრივ რესურსებზე წვდომას, არამედ ასევე მიმართულია სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის გასაჩუმებლად, რომლებმაც, შესაძლოა, წინააღმდეგობა გაუწიონ ამ პროცესში. შესაბამისად, ამ შემთხვევაში ავტორიტარიზმი მხოლოდ იძულებას არ მოიცავს, არამედ ეფუძნება ინსტიტუციური ძალაუფლების მანიპულაციას კორპორატიული ინტერესების დაცვისა და წინააღმდეგობის აღმოფხრისთვის[1].
მმართველი ძალა და გარემოსდაცვითი პროექტები
საქართველოში გარემოსდაცვითი მექანიზმების შესუსტება და ბუნებრივი რესურსების მასიური გასხვისება უკვე წლებია გრძელდება და მხოლოდ „ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდს არ ემთხვევა. თუმცაღა, ბოლო პერიოდში მიმდინარე გარემოსდაცვითი პროტესტები, ახლად მიღებული კანონები და ის რეაგირება, რაც სისტემას მთლიანობაში აქვს ამ პროტესტებზე, ნათელს ხდის, თუ როგორ არის გადაჯაჭვული გარემოს ექსპლუატაცია ავტორიტარული სისტემის ჩამოყალიბებასთან. კორუფციული სქემები და კერძო ინტერესების გადაკვეთა მმართველ ძალასთან თუ კონკრეტულ ჩინოვნიკებთან ყველა იმ პროექტის დამახასიათებელი ნიშანია, რომელზეც დღესდღეობით პროტესტები მიმდინარეობს. ამის ნათელი მაგალითია, “ჯორჯიან მანგანეზი” და მისი შვილობილი კომპანია „შუქრუთი+”, რომლებიც სოფელი შუქრუთი განადგურების პირას მიიყვანეს. ჭიათურა უკვე წლებია ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დგას. ამის ნათელი მაგალითია ის, რომ 2013-2017 წლებში, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზს”, რომელსაც 40 წლით მადნის მოპოვების ლიცენზია აქვს ჭიათურაში, გარემოსთვის მიყენებული ზიანისთვის, სახელმწიფომ 416 მილიონი ლარის გადახდა დააკისრა. თუმცაღა, ეს ჯარიმა და კონფლიქტი კომპანიასთან, დიდწილად არა გარემოზე ზემოქმედებისა და ეკოლოგიური კატასტროფის თავიდან არიდებისა, არამედ ძალაუფლების გადანაწილების მცდელობა უფრო იყო. წლების განმავლობაში, კომპანია დაიცალა წინა ხელისუფლებასთან ასოცირებული პირებისგან და ქართულ ოცნებასთან ასოცირებული პირების კონტროლის ქვეშ მოექცა. 2017 წელს, სახელმწიფომ, სამი წლის ვადით, სპეციალური მმართველი შეიყვანა კომპანიაში. ნიკოლოზ ჩიქოვანი, რომელიც ამ პოზიციაზე დაინიშნა, ქართულ ოცნებასთან დაახლოებული პირია. ამის შემდგომ, კომპანიას არა მხოლოდ ჩამოეწერა ნახევარ მილიონიანი ჯარიმა, არამედ მისი ოპერირების მასშტაბი და დაუსჯელობის სინდრომი, ისევე, როგორც ეკოლოგიური და სოციალური შედეგები რეგიონზე და მის მოსახლეობაზე გაიზარდა.
ამ შედეგების ნათელი მაგალითია სოფელი შუქრუთი, რომელიც განადგურების პირას დგას. საბჭოთა კავშირის დროს, მადნის მომპოვებელი მაღაროები სოფელში დაკონსერვდა, თუმცა 2007 წელს მადნის მოპოვება სოფელში განახლდა. მაშინ როდესაც, სახელმწიფოს მიერ სპეციალური მმართველის დანიშვნას „ჯორჯიან მანგანეზში” უნდა გამოეწვია რეგიონში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება, 2017 წლიდან სოფელში “ახალი 13 გვირაბი გაიხსნა” და ამავე დროს, მადნის მოპოვება ღია კარიერული წესითაც დაიწყო. ყველანაირი რეგულაციის გარეშე წარმოებული სამუშაოები, სოფელი საყრდენის გარეშე დატოვა და მისი მაცხოვრებლების სახლები ნგრევის პირას მიიყვანა. შუქრუთლები, რომლებიც 2019 წლის შემდეგ აპროტესტებენ არსებულ მდგომარეობას სხვა ყველაფერთან ერთად ითხოვენ ზიანის შეფასებას, შესაბამის კომპენსაციებსა და ზარალის ანაზღაურებას. სოფელში არსებული კრიტიკული მდგომარეობისა და საწარმოსთან, ამერიკის საელჩოსთან და ახლა უკვე პარლამენტთან ხანგრძლივი პროტესტის მიუხედავად, სახელმწიფო არათუ არ დგამს ნაბიჯებს შუქრუთელების დასახმარებლად, არამედ ერთი შეხედვით აიგნორებს პროტესტს, ხოლო კარგად დაკვირვების შედეგად ადგილზე პირდაპირ მხარს უჭერს კომპანიას სოფლის განადგურებაში.
შესაბამისად, ამ კონკრეტულ მაგალითზე დაფუძნებით, ნათლად ჩანს, რომ მმართველი ძალა, ინსტიტუციური ძალაუფლების გამოყენებით, კორუფციული სქემებითა და გაუმჭვირვალე მოქმედებებით, საზრდოობს ბუნებრივი რესურსების ექსპლუატაციით. ეს კი სხვა დემოკრატიული ინსტიტუტების მონგრევასთან ერთად, თავის როლს თამაშობს იმ ავტორიტარული სისტემის შექმნის გზაზე, რასაც ამჟამად მმართველი პარტია ადგას. ამის კიდევ ერთი ნათელი მაგალითია, ამ წელს მიღებული ე.წ. ოფშორების კანონი, რომელიც სამომავლოდ კიდევ უფრო გაამწვავებს არსებულ სიტუაციასა და ბუნებრივი რესურსების ექსპლუატაციას. ახლად მიღებული კანონის მიხედვით საქართველო იქცევა ზონად, სადაც საწარმოები და ფიზიკური პირები აქტივების გადაცემის შემთხვევაში გათავისუფლდებიან მოგებისა და საშემოსავლო გადასახადისგან. ამავე დროს, იმპორტის გადასახადებისგან გათავისუფლდება ყველა, ვინც საქართველოში აქტივებს ანდა საქონელს შემოიტანს. და ბოლოს, კანონი ათავისუფლებს ქონების გადასახადისგან საქართველოში დარეგისტრირებული საწარმოებს, რომლებიც 2030 წლამდე გადმოიტანენ თავის აქტივებს ქვეყანაში. არსებული კანონი, არა მხოლოდ ხელს უწყობს მმართველი პარტიის წარმომადგენლებისთვის სანქციების დაწესების შემთხვევაში, თავისი ქონების გადარჩენაში და შესაბამისად, ქვეყნის შიგნით საკუთარი ძალაუფლების უფრო მეტად გამყარებაში, არამედ ამავე დროს, ხსნის საქართველოს შავი ფულის შემოდინებისთვის, კორუფციული სქემების, ბუნებრივი რესურსების გასხვისების თუ სხვადასხვა გარემოზე ზემოქმედების მომხდენი პროექტების განვითარების რისკს.
რეპრესიული სისტემა გარემოსდაცვითი მოძრაობების წინააღმდეგ
როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, ერთის მხრივ, ავტორიტარული სისტემა ეფუძნება რეპრესიულ სისტემას, ხოლო მეორე მხრივ, დემოკრატიული ინსტიტუტების დასუსტებით ცდილობს მოძრაობების ჩახშობას. გარემოსდაცვითი პროტესტებისა თუ ბუნებრივ რესურსებზე ულიმიტო ხელმისაწვდომის მისაღწევად, ასეთი სისტემები არა მხოლოდ უზღუდავენ ადგილობრივ მოსახლეობას მიწასა და სხვა რესურსებზე ხელმისაწვდომობას, არამედ თავის მხრივ, იყენებენ თავის ძალაუფლებას სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წინააღმდეგ, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულები გარემოსდაცვითი პროტესტების მხარდაჭერაში.
ისევ შუქრუთელების მაგალითით, რომ ვიმსჯელოთ, სახელმწიფოს რეაგირება მოძრაობის მიმართ, ზუსტად იმეორებს ავტორიტარული სისტემის წინაპირობებს. მმართველი ძალა არა მხოლოდ აქტიურად იყენებს რეპრესიულ სისტემას პროტესტის შესასუსტებლად, არამედ ამავე დროს, არსებული სისტემა თავს ესხმის იმ ჯგუფებსა თუ მედიებს, ვინც მოძრაობას მხარდაჭერას უცხადებს. 2024 წლის მარტიდან შუქრუთის მაცხოვრებლებმა მაღაროების პიკეტირებით, მათი საქმიანობის შეჩერება დაიწყეს, ხოლო ივლისში პოლიციამ მოძრაობის სამი აქტივისტი დააკავა. მათ ბრალი წაუყენეს ჯგუფური მოქმედების ორგანიზებით საწარმოს მუშაობის შეფერხებაში, რაც 3 წლამდე პატიმრობას ან ჯარიმას ითვალისწინებს. გარდა ამისა, წელს ივლისში, შუქრუთელებმა ასევე დააანონსეს აქცია ჭორვილაში, ბიძინა ივანიშვილის სოფელში. აქცია დაიშალა, არა მხოლოდ პოლიციური ძალების მიერ, არამედ წინასწარ მობილიზებული ადგილობრივი მოსახლეობის მიერ. ხოლო, გიორგი ნეფარიძეს, რომელიც შუქრუთელების პროტესტის ერთ-ერთ ლიდერია, სასამართლომ აქციის დაანონსების შემდეგ, ბრალი დაუმძიმა.
სისხლის სამართლის კანონის გამოყენება სხვადასხვა მოძრაობაში ჩართული აქტივისტების წინააღმდეგ, ბოლო პერიოდში, ტენდენციად იქცა. სახელმწიფოს მხრიდან ასეთი რეაგირება გვხვდება როგორც ე.წ. რუსული კანონის წინააღმდეგ პროტესტში ჩართული ადამიანების მიმართ, ასევე, სხვა გარემოსდაცვითი საკითხების გარშემო არსებული პროტესტების აქტივისტების მიმართ. აქტივისტების ასეთი სამაგალითო დასჯის ტენდენცია, მიანიშნებს არა მხოლოდ სახელმწიფოს მიკერძოებაზე და მსხვილი კომპანიების დაცვის ტენდენციაზე, არამედ რეპრესიული აპარატის გამოყენებაზე სოციალური პროტესტის ჩასახშობად, სხვადასხვა პროტესტში ჩართული ადამიანების დასაშინებლად და საბოლოო ჯამში, პროტესტის გასანეიტრალებლად.
და ბოლოს, გარდა იმისა, რომ შუქრუთში კერძო კომპანიისა და მმართველი ძალის ინტერესები მკაფიოდაა ერთმანეთთან გადაჯაჭვული და ამავე დროს, ნათელია რეპრესიული სისტემის გამოყენება პროტესტის ჩასახშობად, ეს პროტესტი კიდევ ერთ ტენდენციას უსვამს ხაზს. ეს ტენდენცია არის იმ სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებისა თუ მედია წარმომადგენლებზე თავდასხმა და დელეგიტიმაციის მცდელობები, ვინც პროტესტს აქტიურად მხარს უჭერს ანდა აშუქებს.
მაშინ როდესაც, შუქრუთელების პროტესტი უკვე თვეებია გრძელდება, ხოლო შუქრუთელი აქტივისტები თბილისში პარლამენტის წინ შიმშილობას მიმართავენ, კომპანია მიმართვას ავრცელებს, სადაც შუქრუთელების მხარდამჭერ ორგანიზაციებს “რადიკალურ ძალებთან” კავშირში ამხელს. კომპანიის განცხადების მიხედვით პროტესტი „ხელოვნურად მართულია იმ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ, რომლებიც პირდაპირ კავშირში არიან რადიკალურ პოლიტიკურ ძალებთან“. საგულისხმოა, რომ „ქართული ოცნების” მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების დემონიზება თუ მარგინალიზება უკვე წლებია მიმდინარეობს, თუმცაღა „უცხოური გამჭვირვალობის შესახებ” კანონის შემოღებამ, სამოქალაქო საზოგადოება რეალური საფრთხის წინაშე დააყენა და კანონმდებლობის დონეზე შექმნა მექანიზმები ორგანიზაციების კონტროლის, ცენზურისა თუ ფუნქციონირების შეწყვეტისთვის. ამავე დროს, მნიშვნელოვანია, რომ კანონის სრული ძალით ამოქმედებამდე, კერძო კომპანია, სიტყვა სიტყვით იყენებს და იმეორებს მმართველი ძალის მიერ წარმოებულ პროპაგანდას გარემოსდაცვითი პროტესტის გასაშავებლად.
აქედან გამომდინარე, როდესაც ვსაუბრობთ საქართველოში ავტორიტარული სისტემის ჩამოყალიბებაზე, თვალს ვერ დავხუჭავთ იმ გარემოსდაცვით პროტესტებსა თუ მოძრაობებზე, რომლებიც დღეს ქვეყანაში მიმდინარეობს. ამ საკითხებზე თვალის დახუჭვა სისტემის მხოლოდ ფრაგმენტული ანალიზის შესაძლებლობას მოგვცემს და გამორიცხავს მმართველი ძალის ერთ-ერთი საყრდენის – ეკონომიკური ფაქტორის ანალიზს, რომელიც თავის მხრივ, ბუნებრივი რესურსების სრულ ექსპლუატაციაზე დგას. შესაბამისად, ავტორიტარული სისტემა არა მხოლოდ ეფუძნება დემოკრატიული ინსტიტუტების შესუსტებასა და განადგურებას, არამედ ასევე ქმნის გაუმჭვირვალე სისტემას, რომელიც მიმართულია მმართველი ძალისა და კორპორაციების ინტერესების დასაცავად. ხოლო რეპრესიული აპარატი და შესუსტებული დემოკრატიული სისტემები, თავის მხრივ, ხელს უწყობს მას ამ პროცესის გამართვაში და დაუსჯელად, ბუნებრივი რესურსების სრულ ექსპლუატაციაში.
[1] Bruff, I. 2016. Neoliberalism and authoritarianism. In The handbook of neoliberalism, ed. S. Springer , K. Birch , and J. MacLeavy , 107–117. London and New York: Routledge.
Leave a Reply