განათლება

განათლება მთელი ცხოვრების განმავლობაში უნდა იყოს ხელმისაწვდომი თითოეული
მოქალაქისთვის. ხარისხიან და ინკლუზიურ განათლებას ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს
არამხოლოდ ცალკეული ინდივიდების, არამედ მთლიანი საზოგადოების განვითარებისთვის.

სწორედ ამიტომ განათლება ჯანდაცვასთან ერთად უნდა იყოს სახელმწიფოს მთავარი
პრიორიტეტი და მათზე უნდა იხარჯებოდეს ბიუჯეტის უმეტესი წილი.
არსებული ნეოლიბერალური დღისწესრიგის გამო მოქალაქეებისთვის ხარისხიანი განათლების მიღება არის არა უფლება, არამედ ფუფუნება რომელიც ხელმისაწვდომია მხოლოდ პრივილეგირებულთათვის. ხარისხიანი განათლების საყოველთაო ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება სოციალური სამართლიანობისკენ მიმავალ გზაზე.

განათლების ხარისხი და მასზე ხელმისაწვდომობა არის ის მთავარი პრობლემები რომელიც ამჟამად არსებობს როგორც სკოლამდელი განათლების, ისე ზოგადი და უმაღლესი განათლების კუთხით.

საქართველოში ადრეული და სკოლამდელი განათლების სისტემაში ბავშვების ჩართულობა
გაცილებით დაბალია ევროკავშირის ქვეყნების იგივე მაჩვენებელთან შედარებით. ერთის მხრივ პრობლემაა რომ სახელმწიფო ვერ ახერხებს მთელი ქვეყნის მასშტაბით საკმარისი სკოლამდელი დაწესებულებების შექმნას და მეორეს მხრივ, უფრო დიდი პრობლემაა რომ საგანმანათლებლო რესურსები არათანასწორად ნაწილდება ცენტრსა და პერიფერიებში, რაც კიდევ უფრო აღრმავებს უთანასწორობას. თუკი დიდ ქალაქებში პრობლემაა ბაღების არასაკმარისი რაოდენობა, გარკვეულ სოფლებში პრობლემაა ბაღების არ ქონა. ასეთი განსხვავებები განსაკუთრებით შესამჩნევია ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში. სწორედ ასეთ სოფლებშია ბაღების ყველაზე დაბალი რაოდენობა. ამას გარდა ბაღების უმეტესობას არ აქვს შესაბამისი რესურსი და ინფრასტრუქტურა რომ მიიღოს შშმ ბავშვები. შესაბამისად სკოლამდელი განათლების სისტემაში ბავშვების ჩართულობა ყველაზე დაბალია ეთნიკური უმცირესობების ჯგუფებში, შშმ ბავშვებში, სოციალურად დაუცველი და სოფლად მცხოვრები ოჯახების ბავშვებში.

 

სკოლამდელი განათლების სისტემაში ბავშვთა ჩართულობის გაზრდა მნიშვნელოვანია ქალთა ემანსიპაციისთვისაც. ისევე როგორც ყველა პატრიარქალურ საზოგადოებაში, საქართველოშიც ზრუნვის ტვირთი მთლიანად ქალებზეა გადასული და ლოგიკურია ბავშვთა აღზრდაშიც უმეტესად ისინი არიან ჩართული. მსგავსი ჩართულობა აფერხებს მათი კარიერული და სოციალური ცხოვრების განვითარებას. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს შესაბამისი ხარისხიანი სკოლამდელი განათლების სერვისის მიწოდება ბავშვებისთვის, რათა მოხდეს მშობლებისთვის და განსაკუთრებით მარტოხელა დედებისთვის, ზრუნვის ტვირთის შემსუბუქება.

სკოლამდელი განათლების სისტემა თანაბარ საწყის პირობებს უნდა სთავაზობდეს ყველა ბავშვს. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია რომ სახელმწიფომ უზრუნველყოს ერთნაირი
ინფრასტრუქტურის მქონე მუნიციპალური ბაღების არსებობა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

ამასთან საჭიროა მოხდეს პროფესიონალი კადრების მომზადება და მოზიდვა სკოლამდელი განათლების დაწესებულებებში. მოსაზიდად, პირველ რიგში, საჭიროა პედაგოგების ხელფასების მნიშვნელოვანი გაზრდა და მათი შრომითი ექსპლუატაციის დასრულება. სახელმწიფოა პასუხისმგებელი იმაზეც რომ ბაღებში შეიქმნას ბავშვის განვითარებისთვის საუკეთესო გარემო პირობები. ბაღებში არსებული გარემო თანაბრად უნდა აძლევდეს ყველა ბავშვს როგორც ფიზიკური ისე მენტალური განვითარების საშუალებას და მორგებული უნდა იყოს ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე.

ზოგადი განათლების სისტემაში მეორდება და მრავლდება ის პრობლემები რომელიც
წარმოდგენილია ადრეული და სკოლამდელი განათლების სისტემაში. სახელმწიფო აქაც ვერ უზრუნველყოფს რომ ცენტრსა და პერიფერიაში ერთნაირი განათლების ხარისხი შესთავაზოს მოსწავლეებს. სკოლებშიც პრობლემატურია გადავსებული კლასები, ძალადობრივი გარემო, შესაბამისი კვალიფიკაციის კადრების არ არსებობა, გაუმართავი სასკოლო ინფრასტრუქტურა, ზოგიერთ სოფელში სკოლის არ არსებობა და სხვა. 

 

სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია მოხდეს მასწავლებლების გადამზადება და მათთვის ხელფასის გაზრდა, სკოლების რაოდენობის გაზრდა მთელი ქვეყნის მასშტაბით. კლასებში მოსწავლეთა რაოდენობის შემცირება, ისე რომ მათი რაოდენობა ერთ კლასში არ აჭარბებდეს 20-ს. სკოლები ადაპტირებული უნდა იყოს შშმ პირებისთვის. უნდა მოხდეს შეფასების სისტემის გადახედვა და გაუმჯობესება, ისე რომ საგანმანათლებლო სისტემა არ იყოს ორიენტირებული დასჯაზე და/ან შეჯიბრებითობაზე. მოსწავლეებისთვის შემოღებული უნდა იყოს უფასო კვება. განათლების სისტემა ორიენტირებული უნდა იყოს ხარისხზე და საყოველთაო ხელმისაწვდომობაზე, სწორედ ამიტომ სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ერთნაირი ხარისხის განათლების მიწოდება ყველა მოსწავლისთვის.

 

ციფრული უთანასწორობა დამატებით გამოწვევად იქცა პანდემიის დროს. ის ბავშვებისთვის განათლებაზე არათანაბარი წვდომის ერთ-ერთი ძირითადი ელემენტია. იმისთვის რომ ყველა ბავშვს ჰქონდეს სწავლის თანაბარი შესაძლებლობა სკოლებმა უნდა უზრუნველყონ ინტერნეტითა და სწავლისთვის საჭირო რესურსებით ის ბავშვები, რომლებსაც ინტერნეტსა და ელექტრონულ საშუალებებზე წვდომა არ აქვთ.

ცალკე პრობლემაა ერთიანი ეროვნული გამოცდები. შექმნის დღიდან სახეზე გვაქვს რეალობა, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებში ყველაზე მაღალ ქულებს იღებენ ურბანული დასახლებების ცენტრალური უბნების მაცხოვრებლები, ხოლო ყველაზე დაბალს პერიფერიებში და განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდები. სერიოზულად არავინ მიიღებს იმ ახსნას, რომ წლიდან წლამდე ყველაზე მეტი მონდომებული და ბეჯითი მოსწავლე სწორედ ურბანული სივრცეების ცენტრალურ უბნებში იბადებოდა. ეს არის სწორედ სახელმწიფოს ჩავარდნის პირდაპირი შედეგი, როდესაც ის ვერ ახერხებს ერთნაირი ხარისხის განათლება მიაწოდოს და თანასწორი პირობები შეუქმნას ურბანულ და რურალურ სივრცეებში მცხოვრებ მოსწავლეებს. შესაბამისად, ერთადერთი რასაც ერთიანი ეროვნული გამოცდების სისტემა ემსახურება არის, რომ ის კიდევ უფრო მეტად სჯის ისედაც ჩაგრულ მოსწავლეებს და კიდევ უფრო მეტად ახალისებს პრივილეგირებულ მდგომარეობაში მყოფებს, რის შედეგადაც ხდება უთანასწორობის გაღრმავება და კვლავწარმოება.

ერთის მხრივ, იმიტომ რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები არ არის სანდო ინდიკატორი
სტუდენტებზე სახელმწიფო გრანტების გასაცემად და მეორეს მხრივ, იმიტომ, რომ განათლება უნდა იყოს უფლება და არა ფუფუნება, მიგვაჩნია რომ სტუდენტების დაფინანსების სისტემა მთლიანად შესაცვლელია. სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა უნდა იყოს უფასო, ხოლო სტიპენდიები უნდა გაიცემოდეს სტუდენტის საჭიროებების შესაბამისად. გათვალისწინებული უნდა იყოს სტუდენტის ოჯახის შემოსავალი და იმ სტუდენტებს ვისაც ამის საჭიროება აქვს, სტიპენდია უნდა უნაზღაურებდეს კვებისა და საცხოვრებლისთვის საჭირო ხარჯებს. სკოლებისა და ბაღების მსგავსად უნივერსიტეტებშიც ვხვდებით იგივე პრობლემას რომ რეგიონებში მდებარე უნივერსიტეტები მნიშვნელოვნად ჩამოუვარდებიან დედაქალაქში მდებარე სახელმწიფო უნივერსიტეტებს განათლების ხარისხით. შესაბამისად სახელმწიფომ უნდა იზრუნოს დედაქალაქისგან მოშორებით მდებარე უნივერსიტეტების გაძლიერებაზე.

ამას გარდა, მნიშვნელოვანია რომ სახელმწიფო აფინანსებდეს და ახალისებდეს მეცნიერებას და კვლევებს. ამჟამად სახელმწიფო დაფინანსება მეცნიერებაში მინიმალურია, ხოლო კერძო სექტორს არანაირი ინტერესი არ გააჩნია მეცნიერებასა და კვლევების ჩატარებაში ინვესტიციის ჩადების. მეცნიერული ცოდნის შექმნა და კვლავწარმოება არსებითად მნიშვნელოვანია მთლიანი საზოგადოების განვითარებისთვის. შესაბამისად, სახელმწიფო დაინტერესებული უნდა იყოს მსგავსი საჯარო სიკეთეების შექმნით და მაქსიმალურად უნდა გაიზარდოს მეცნიერებისა და კვლევების დაფინანსება.

 

Hello!

DoGood theme is especially made for charities & fundraising. Making the WP world a better place!

Our info
Follow us