ქართული საზოგადოება ქვეყნის გეოპოლიტიკურ და კულტურულ გზაგასაყარზე მდებარეობის თავისებურებებიდან გამომდინარე ყოველთვის ხასიათდებოდა მრავალგვარობით. ის წარმოადგენს ერთობას, რომელიც თავის თავში მოიცავს სხვადასხვა ტიპის, საჭიროებებისა და უნიკალური მახასიათებლების მქონე უმცირესობათა ჯგუფებს, რომელთათვისაც განსხვავებით საზოგადოების დანარჩენი ნაწილისაგან, დღესდღეობით, ფუნდამენტური უფლებებით სარგებლობა არის ერთგვარი ფუფუნების საგანი და არა მოქალაქეობრივი გარანტია. დღეს სახელმწიფო ვერ პასუხობს ამ მრავალფეროვნებით გამოწვეულ საჭიროებებს და ჩვენ საზოგადოებაში არსებული სხვადასხვა ტიპის უმცირესობები, იქნება ეს ეთნიკური, რელიგიური, სექსუალური თუ შშმ პირები, იქცნენ საზოგადოების ყველაზე მოწყვლად, დაუცველ ნაწილად, რომელთა არსებობა და ხმა მიმდინარე პოლიტიკურ პროცესში საერთოდ არ იკითხება.
ჩვენთვის, როგორც მწვანე იდეებზე მდგომი მოძრაობისათვის, მწვანე პოლიტიკა და მისი
განხორციელების იდეა მთლიანად დამყარებულია მონაწილეობით დემოკრატიაზე. დემოკრატიის მოცემული ფორმა გულისხმობს პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებისა და განხორციელების პროცესში საზოგადოების სრული ფორმით ჩართულობას. პოლიტიკის კეთების პროცესში საზოგადოების თითოეული უმცირესობის, უნიკალური ჯგუფის ხმა და საჭიროებები თანაბრად უნდა იყოს გათვალისწინებული. განსაკუთრებით უზრუნველყოფილი უნდა იყოს მათი ჩართულობა, ვინც არადომინანტური პოზიციის გამო ჩამოშორებულია ძალაუფლების ბერკეტებს.
გამომდინარე მრავალფეროვნებაზე დაფუძნებული საზოგადოების ერთი ორგანიზმობისა,
სხვადასხვა ტიპისა და უნიკალური მახასიათებლების მქონე ჯგუფების ერთიანობით,
აუცილებელია, რომ თითოეული მსგავსი ჯგუფის წარმომადგენლობა პოლიტიკური
გადაწყვეტილებების მიღება-განხორციელების პროცესში იყოს არა პრივილეგია, არამედ
ხელმისაწვდომი რეალობა.
აუცილებელია გარკვეული კითხვებით მივმართოთ არსებულ სისტემას და დავინტერესდეთ რატომ არ აქვთ მსგავს არადომინანტურ ჯგუფებს პოლიტიკის კეთების იმ პროცესში ჩართულობისა და ზეგავლენის შესაძლებლობა, რომელიც პირდაპირ ეხება მათ ყოველდღიურ ცხოვრებას. ფაქტია, რომ, დღეს, უმცირესობათა მდგომარეობა გამოიხატება სახელმწიფოს მხრიდან სრულ უგულებელყოფაში, უკეთეს შემთხვევაში კი კონსტიტუციის წერილობით დონეზე ფორმალური უფლებების აღიარებაში. ასეთ ფორმალობებს, რომლებსაც არაერთი შინაარსობრივი ხარვეზი ახლავს თან პრაქტიკულ დონეზე მოქმედების უნარი არ გააჩნია. სწორედ ამიტომ, მწვანე პოლიტიკის მიზანია უზრუნველვყოთ ყველა მსგავსი არადომინანტური ჯგუფის: ეთნიკური,
რელიგიური, სექსუალური უმცირესობებისა და შშმ პირების მაქსიმალური ჩართულობა
პოლიტიკის კეთების პროცესებში. ეს გამოიხატება მათთვის იმ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სოციალური გარანტიების მიცემაში, რითაც, დღეს, აღნიშნული ჯგუფები ვერ სარგებლობენ, მიუხედავად კონსტიტუციაში გაკეთებული ფორმალური ჩანაწერებისა.
საქართველოში არსებულ უმცირესობათა ჯგუფებს ყველაზე მწვავედ უდგათ ისეთი საჭიროებები, როგორიცაა: საცხოვრისის უფლება, ჯანდაცვის უფლება, ღირსეული განათლების უფლება, დისკრიმინაციის გარეშე დასაქმების, თვითგამოხატვისა და საზოგადოებაში სრულფასოვან წევრად ინტეგრაციის უფლება.
დღეს არსებული სისტემური პოლიტიკა, რომელიც ზემოხსენებული ჯგუფების რთულ
სოციო-ეკონომიკურ და პოლიტიკურ მდგომარეობას პირდაპირ აკავშირებს მათ ინდივიდუალურ პასუხისმგებლობასთან და/ან წარუმატებლობასთან ცდილობს, ამ არგუმენტით თავიდან აირიდოს დაკისრებული ვალდებულებების შესრულება. ამის ნაცვლად, ჩვენ გვჭირდება წარმომადგენლობით დემოკრატიაზე დაფუძნებული ჩართულობა, რომელიც ითვალისწინებს სხვადასხვა საჭიროებების მქონე ადამიანთა ხმას, მსგავსი არადომინანტური ჯგუფების ჩათვლით.
ეთნიკურ, რელიგიურ, სექსუალურ უმცირესობებსა და შშმ პირებს, როგორც ამ ქვეყნის
მოქალაქეებს, აქვთ ლეგიტიმური უფლება მოითხოვონ და მიიღონ სახელმწიფოსაგან ყველა ის სერვისი, რომლითაც სარგებლობენ საზოგადოების სხვა სეგმენტები, ვინაიდან საზოგადოება, როგორც ორგანიზმი სწორედ მაშინაა შემდგარი, თუკი მისი ყოველი ნაწილი, განურჩევლად დისკრიმინაციისა, თავს გრძნობს სოციალურ გარანტიებზე დაფუძნებულ სრულფასოვან და გათვალისწინებულ მოქალაქედ.
ზემოხსენებული არადომინანტური ჯგუფები წარმოადგენენ ჩვენი საზოგადოების ყველაზე
მოწყვლად და რისკის ქვეშ მდგომ ნაწილებს, რომელთა პირველადი საჭიროებებიც ყველაზე მეტადაა უგულებელყოფილი. ეს ყოველივე კი იმის ფონზე, რომ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტ-ეკონომიკური კოლაფსით გამოწვეული კრიზისი უპირველესად აისახება სწორედ მსგავს მოწყვლად, დაუცველ ჯგუფებზე. აღნიშნული ჯგუფები არ ფლობენ არანაირ სოციალურ გარანტიებს და სახელმწიფო კრიზისის პირველი დარტყმა მიმართული იქნება სწორედ ამ ჯგუფთა მდგომარეობის კიდევ უფრო დამძიმებისკენ, რაზე პასუხისმგებლობასაც არავინ იღებს.
მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, მოხდეს უმცირესობათა ამ ჯგუფების საზოგადოებაში
სრულფასოვანი ინტეგრაცია და მათი უფლებების რეალიზება, როგორც სახელმწიფოს
სრულფასოვანი მოქალაქეებისა, მეორე მხრივ, კი, გამომდინარე ამ უფლებათა ფორმალურ
დონეზე სიტყვიერი დეკლარირების უუნარობიდან, მნიშვნელოვანია მათი რეალურ ცხოვრებაში, პრაქტიკაში განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფა, რათა უმცირესობის თითოეულ ჯგუფს მიეცეს შესაძლებლობა ისარგებლოს ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი ფუნდამენტური უფლებებით: ჯანდაცვის, ხარისხიანი განათლების, საცხოვრისისა და თვითგამოხატვის უფლებით ჩვენს საზოგადოებაში, რომლის უნიკალურობაც სწორედ მის მრავალგვარობაში მდგომარეობს