პოსტპანდემიური ეკონომიკა კაპიტალიზმის მიღმა

კორონა ვირუსით გამოწვეულმა კრიზისმა განსაკუთრებულად ცხადყო, რომ კაპიტალიზმი ბაზრის ჩამოყალიბების მხოლოდ ერთ-ერთი გზაა. მან შეიძლება საკმაოდ განსხვავებული ფორმაც მიიღოს. აღნიშნული ტექსტი ერთგვარი განაცხადია იმგვარი პოსტპანდემიური ეკონომიკის სასარგებლოდ, რომელშიც ბაზარი კვლავინდებურად ჩართულია საზოგადოებაში და უკეთ რეგულირდება სახელმწიფოს მიერ. 

ადამ სმიტი ოპტიმისტურად უყურებდა სახელმწიფოს მეშვეობით კაპიტალიზმის  შეკავებისა და მისი მიმართვის შესაძლებლობას საზოგადოების ღირებულებებისა და მიზნებისკენ. ამისგან განსხვავებით, კარლ მარქსს საერთოდ არ სჯეროდა, რომ ეს შესაძლებელი იყო. ბოლო ათწლეულმა ორივე ეკონომისტის შეხედულების მართებულობა აჩვენა. 2008 წლის ფინანსურმა კრიზისმა და მისგან გამოწვეულმა მსხვილმა რეცესიამ მარქსის შეხედულების სიმართლე დაამტკიცა: დაურეგულირებელმა კაპიტალიზმმა ფინანსურ სექტორს საშუალება მისცა უკონტროლოდ აეწია ფასები და საბინაო ბაზარზე „ფინანსური ბუშტები“ შეექმნა. კორონა ვირუსით გამოწვეულმა კრიზისმა კი სმიტის სიმართლე დაამტკიცა: (1) როდესაც ბაზარი შიგნიდან ფეთქდება, სახელმწიფო სადავეებს საკუთარ ხელში იღებს; (2) საზოგადოებრივი ერთობის განცდას შეუძლია ნებისმიერ ინიციატივას ჩაუყაროს საფუძველი – დაწყებული სასურსათო საყიდლებში დახმარებით, დამთავრებული ქარხნის გადაწყობით იმგვარ წარმოებაზე, რომ პირბადეები  საწარმოო ფასად გაიყიდოს. როგორც სმიტის, ისევე მარქსის აზრით, კაპიტალიზმი არის ბაზრის გარკვეული გამოხატულება და არ შეიძლება გათანაბრდეს თავად ბაზრის კონცეფციასთან. ამიტომ, ბაზარი შეიძლება სხვა ფორმითაც იყოს წარმოდგენილი, მაგალითად პოსტკაპიტალისტური ეკონომიკის სახით, რომელშიც ეკონომიკა აღარ ხასიათდება კაპიტალიზმის სპეციფიკური მახასიათებლებით. 

აღსანიშნია, რომ თანამედროვე ეკონომისტებისა და პოლიტიკოსების უმრავლესობას დავიწყებული აქვს განსხვავება ბაზარსა და კაპიტალიზმს შორის. მსჯელობისას ეს ორი ცნება ხშირად გამოიყენება ერთმანეთის მონაცვლეობით. მეტიც, კაპიტალისტური აზროვნება ხშირად ეშლებათ ეკონომიკაში, როგორც მეცნიერებაში, თითქოს, მთელი ეკონომიკა განსაზღვრულია საბაზრო აზროვნებით; ანდაც უარესი, კაპიტალიზმის სამსახურშია. ამგვარ სწორხაზოვან ხედვას ვერ დავწამებთ იმ ეკონომისტებს, რომლებიც საკითხს გაბატონებული დისკურსის მიღმა განიხილავენ და კლასიკური თეორიების სრულყოფილი ცოდნა აქვთ. ეკონომიკური აზროვნების მდიდარ ისტორიას შეუძლია ცხადყოს განსხვავება ბაზარსა და ბაზრის კონკრეტულად კაპიტალისტურ ინტერპრეტაციას შორის. ამგვარი ანალიზი საშუალებას გვაძლევს გამოვყოთ სავსებით მოსალოდნელი და რეალური  პოსტკაპიტალისტური საბაზრო ეკონომიკის ზოგიერთი მახასიათებელი: პოსტპანდემიური ეკონომიკა, რომელშიც ბაზარი კვლავინდებურად გადაჯაჭვულია საზოგადოებასთან და უკეთ კონტროლდება სახელმწიფოს რეგულაციებით.

ბაზარი და ეკონომიკა

ბაზარი არის მიწოდებისა და მოთხოვნის გაცვლის ეფექტური მექანიზმი. საბაზრო გარიგებები მომგებიან სიტუაციაში აყენებს როგორც მყიდველს, ასევე გამყიდველს; ეს ორივე მხარისთვის უკეთესია, ვიდრე ამგვარი ურთიერთგაცვლის არარსებობა. როგორც ნობელის პრემიის ლაურიატებმა კენეტ ეროუმ და ჟერარ დებრიუმ ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის წინ მათემატიკურად დაამტკიცეს, ბაზრის ყოველ მონაწილეს საკმარისად უნდა ჰქონდეს ისეთი რესურსები, რაზეც მაღალი მოთხოვნაა. ეს პირობა კი, ნამდვილად არ არის ხოლმე შესრულებული. 

მაგალითად, ჯონ მეინარდ კეინსი მიიჩნევდა, რომ თუკი რეცესიის დროს მოთხოვნილზე მეტი სამუშაო ძალა არსებობს, უმუშევარი ადამიანები შეიძლება მზად იყვნენ საბაზრო ხელფასზე ნაკლებ ანაზღაურებაზე იმუშაონ. მიუხედავად ამისა, მათ არ დაიქირავებენ, ვინაიდან მომხმარებლის ნდობის და მსყიდველუნარიანობის ნაკლებობის გამო, კომპანიები ვერ მოახერხებენ დამატებითი რაოდენობის პროდუქტის გაყიდვას. შესაბამისად, ჭარბი სამუშაო ძალის გაცვლა ვერ მოხერხდება. სწორედ ამიტომ, კეინსი ამტკიცებდა, რომ კრიზისის პირობებში მთავრობამ უნდა შექმნას სამუშაო ადგილები მსყიდველობითი ძალის გასაძლიერებლად, რათა კომპანიებმა შეძლონ მეტი პროდუქტის წარმოება და მეტი ადამიანის დასაქმება. კოვიდ-19-ის კრიზისმა დაგვანახა, თუ როგორ ფართომასშტაბურად ითავეს მთავრობებმა  მთელ მსოფლიოში ეს როლი.

განვითარებად ქვეყნებში მთავრობებს საერთოდ არ აქვთ ამ სტრატეგიისთვის საჭირო რესურსები. ამჟამად ვენესუელა სასოწარკვეთილი ცდილობს თავისი ოქროს მარაგების განაღდებას. ამის პარალელურად,  განვითარებადი ქვეყნების რეკორდულმა რაოდენობამ საერთაშორისო სავალუტო ფონდს გადაუდებელი სესხისთვის მიაკითხა. განვითარების ეკონომისტმა და ნობელის პრემიის ლაურეატმა, ამარტია სენმა, ახსნა შიმშილი, რაც მან ბავშვობაში გამოიარა, და ეს დაუკავშირა არა საკვების ნაკლებობას, არამედ ღარიბ, უსახლკარო ხალხში მსყიდველუნარიანობის ნაკლებობას. ამასობაში კი, სურსათი ექსპორტად გადიოდა ინდოეთის სხვა შტატებსა და საზღვარგარეთაც კი, სადაც მასზე დიდი მოთხოვნა იყო. ეს ნიშნავდა მომგებიან გარიგებას ბენგალელი ბრინჯის ექსპორტიორებისა და სხვა ქვეყნების იმპორტიორებისთვის, თუმცა შიმშილს უქადდა უმიწაწყლო ფერმერებსა და უმუშევარ მშრომელებს. 

რომ შავაჯამოთ, ბაზარი არ არის იმაზე მეტი ან ნაკლები, ვიდრე გაცვლითი მექანიზმი, რაშიც ურთიერთსასარგებლო გარიგებები შეიძლება მოხდეს. ამასთან, მსყიდველუნარიანობის არმქონე პირებს არ შეუძლიათ ამ პროცესში მონაწილეობის მიღება.  ხოლო საკუთარი რესურსების გარეშე, როგორიცაა მიწა საკვების მოსაყვანად ან გასასხვისებლად, მათ არ შეუძლიათ საარსებოდ საჭირო ფულის გამომუშავება. ამაზე პასუხად თანამედროვე  მთავროებებმა ნაწილობრივ დაიწყეს ძირითადი სოციალური მომსახურებების გაწევა.

გაკვეთილები ადამ სმიტისგან

ამრიგად, ბაზარი ეფექტურ, მომგებიან მექანიზმად მხოლოდ გარკვეულ პირობებში და სახელმწიფოს მხარდაჭერის წყალობით თუ იქცევა. ამ პირობებშიც კი, ბაზარი ხშირად არ არის ოპტიმალური ვარიანტი, მისსავე შიგნით არსებული ჩავარდნების გამო, რაც შეიძლება იყოს: გარეგანი უარყოფითი მოვლენები, ოპორტუნიზმი, მორალური საშიშროებები (არასწორი ინფორმაციის გამოყენება) და გარკვეული საზოგადოებრივი სიკეთეების მიწოდების შეუძლებლობა (როგორებიცაა საყოველთაო ჯანდაცვა და განათლება). ეს ნაკლოვანებები მიუთითებს, რომ ეკონომიკა იმაზე მეტი უნდა იყოს, ვიდრე მხოლოდ ბაზარია. სწორედ ამას ამტკიცებდა ადამ სმიტი თავის 1776 წელს გამოცემულ ცნობილ წიგნში „გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ“. სმიტი გვასწავლის, რომ ნებისმიერ ეკონომიკა აგებულია სამ ღირებულებით სფეროზე: ბაზარზე, სადაც გაცვლა დამყარებულია არჩევნის თავისუფლებაზე (იგულისხმება რომ ყველას გააჩნია საჭირო რესურსები); გარკვეული სამართლიანობის პრინციპებზე დამყარებულ, გადანაწილებისა და რეგულაციების მქონე სახელმწიფოსა და ურთიერთზრუნვისა და კეთილგანწყობის ღირებულებებზე დაფუძნებულ საზოგადოებრივი ეკონომიკის სფეროზე. ადამ სმიტის მიხედვით, ნებისმიერი ეკონომიკა შედგება ამ სამი სფეროსგან, რომელთაგან თითოეულს თავისი ღირებულებები გააჩნია. ეს ხსნის იმას, თუ რატომ ერგება გარკვეული პროდუქტი ან გარიგება ერთ სფეროს, მაგრამ არა – სხვას. მაგალითად, ნიდერლანდებში სისხლის ჩაბარებაში საფასურის გადახდა უსიამოვნო პროცედურად ითვლება, მაშინ როდესაც ამერიკაში მსგავსი საბაზრო გარიგებები ხშირად განაპირობებს დაბინძურებულ სისხლის გადაცემას, არასტაბილურ მიწოდებასა და მაღალ ფასებს. ჯანდაცვაზე დაფუძნებულ ეკონომიკაში კი სისხლის ნებაყოფლობითი ჩაბარება ბევრად უფრო ეფექტურია.

სმიტის წიგნის გამოცემიდან ორასი წლის შემდეგ ეკონომიკის ანთროპოლოგმა კარლ პოლანმა აღმოაჩინა და აღწერა ეს სამმაგი დაყოფა ევროპის გარეთაც. მან ასევე აღნიშნა, რომ ეკონომიკა გაცილებით მეტია, ვიდრე ბაზარი და რომ ბაზარი მხოლოდ ეფექტური გარიგების მექანიზმი და ეფექტური გზაა საერთო სარგებლის მისაღწევად იმ შემთხვევაში, თუ ის ჩართულია ადგილობრივ საზოგადოებაში, რომელშიც ადამიანები კოლექტიურად უზრუნველყოფენ საბაზისო საჭიროებათა მნიშვნელოვან ნაწილს (საკვები, ცოდნის გადაცემა და საბაზისო ჯანდაცვა). პოლანი ასევე ამტკიცებდა, რომ ბაზარი განსაზღვრულია სხვადასხვა სახის წესებით, რათა თავიდან აიცილოს რამდენიმე მდიდარი ადამიანისა თუ უცხო პირის მიერ საბაზრო მექანიზმით საზოგადოებრივი რესურსების მითვისება. ამ მიზანს ემსახურება, მაგალითად, საშინაო მოხმარების საკვების მოსაყვანად საერთო სასოფლო-სამეურნეო მიწის პრინციპი, რაც დღესაც გამოიყენება აფრიკის ბევრ ქვეყანაში. სურსათის წარმოებისთვის საერთო მიწის შენარჩუნება გონივრული გადაწყვეტილებაა კვების პროდუქტების მიწოდების მდგრადობის შესანარჩუნებლად იმ შემთხვევებში, როდესაც საკვებზე ფასი აიწევს ან მომგებიანი კულტურების (მაგ. კაკაო და ყავა) ექსპორტი შემცირდება და შეუძლებელი გახდება უცხოური ვალუტის გამომუშავება საკვების იმპორტისთვის. მოკლედ რომ ვთქვათ, ბაზარს მხოლოდ ეფექტური წვლილის შეტანა შეუძლია კეთილდღეობის საკითხში, თუ დანარჩენ ორ სფეროს თავიანთი ღირებულებების მიხედვით ფუნქციონირებისთვის საჭირო სივრცე აქვს. სმიტმა ტყუილად არ აღნიშნა, რომ ბაზრის ფუნქცია სახელმწიფოს საკმარისი გადასახადებით უზრუნველყოფაა. ამით მან ხაზი გაუსვა ამ სამ სფეროს შორის ურთიერთქმედების მნიშვნელობას. 

ისტორიულად, ბაზრები ეკონომიკური გარიგებათა მესამე სფეროს წარმოადგენდნენ და მხოლოდ იმ შემთხვევაში იყვნენ საინტერესონი, თუ ეს ვაჭრობისთვის იყო ხელსაყრელი. ათწლეულების მანძილზე კეთილდღეობის უდიდესი ნაწილი მიღწეულ იქნა პირველი სფეროს, ზრუნვის ეკონომიკის ფარგლებში, რაც დაფუძნებულია რიგითი ადმიანების ორმხრივ ზრუნვაზე. ეს მოიცავს ერთობლივი ძალებით მართულ რესურსებს, როგორებიცაა სათევზაოდ განკუთვნილი წყალი და საძოვრებისთვის განკუთვნილი მიწა; ასევე მოიცავს ერთმანეთზე ზრუნვასა და თანამშრომლობას საკვების მოყვანისა და საცხოვრებლის საკითხებში. დღევანდელ დღესაც კი, პირველი სფერო კვლავ იკავებს ჩვენი ეკონომიკის უდიდეს ნაწილს: გავიხსენოთ საშინაო შრომა, არაფორმალური ზრუნვა, სახლის პირობებში საკვებისა და ტანსაცმლის წარმოება, ასევე მოხალისეობრივი შრომა და სამოქალაქო ინიციატივები, როგორიცაა ქარის ენერგიის კოოპერატივები. მეორე ეკონომიკური სფერო ეხება სახელწიფოს ან ადრეული დროის ისეთ მმართველებს, როგორებიცაა მეფეები ან მთავარსარდლები. ისინი წყვეტდნენ რის წარმოება უნდა ჰქონოდათ ყმებსა თუ მეიჯარეებს, კრეფდნენ გადასახადებს, გასცემდნენ ხელფასებს და გამოსცემდნენ მოქმედ ვალუტას. იმის გათვალისწინებით, რომ ხალხს გადასახადები ნაღდი ფულით უნდა გადაეხადა, მათ სულ უფრო ხშირად უწევდათ ფულის შოვნა ბაზარზე, პირველ სფეროში თავიანთი ეკონომიკური საქმიანობის პარალელურად.

კაპიტალიზმის აღზევებამდე ბაზრები და ფული მოკრძალებულ როლს თამაშობდნენ ეკონომიკაში. მხოლოდ მეტი პროდუქტის გაცვლის, მეტი ვალის წარმოშობისა და ბაზარზე წარმოების საშუალებების გამოჩენის შემდეგ იწყება  კაპიტალიზმიც. ამ გზით გაჩნდა შრომის, უძრავი ქონებისა (და მასთან ერთად სათემო მიწის პრივატიზაციაც) და ფინანსური ბაზრები. შესაბამისად, მხოლოდ კაპიტალიზმის პირობებში გახდა ბაზარი უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ზრუნვის ეკონომიკა და სახელმწიფო. 

ბაზარი და კაპიტალიზმი: გაკვეთილები მარქსისგან 

მარქსმა „კაპიტალი“ 1867 წელს დაწერა, ადამ სმიტის წიგნის, „გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ“ გამოცემიდან თითქმის 100 წლის შემდეგ, ერთი მხრივ, კაპიტალიზმის უკეთ გასაგებად, მეორე მხრივ კი, სმიტისნაირი ეკონომისტების ნოტაციისათვის, მათი საბაზრო ღირებულებებით განპირობებული ფასების შესახებ თეორიის საპასუხოდ. მარქსის შრომის ღირებულების თეორიაში ნათქვამია, რომ თითოეული პროდუქტის ღირებულება განისაზღვრება მასზე გაწეული შრომით; ირიბად კი წარმოების იმ საშუალებებით, რომლითაც თავადვეა ნაწარმოები. ღირებულების ეს კონცეფცია სრულიად უპირისპირდება კაპიტალისტურ წარმოებას. მაქსიმალური მოგებისათვის გამიზნულ კაპიტალისტურ წარმოებაში უპირველესად იხდიან ყველა სამეწარმეო ხარჯს (მასალა, შრომა, ქირა), ხოლო დარჩენილი თანხა  მოგებაა, რაც დივიდენდად რჩება კაპიტალის მიმწოდებელს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კაპიტალისტი იღებს იმას, რაც რჩება ყველანაირი ხარჯის გამოქვითვის შემდეგ და დანაკარგისა თუ წაგების შემთხვევაში, ეს არც არაფერია. წარმოების ხარჯების ანაზღაურებაში მარქსმა კაპიტალისტისა და მშრომელის როლები გაცვალა. იგი ამტკიცებდა, რომ სხვა ხარჯების ანაზღაურების შემდეგ (წარმოების გონივრული რისკების შემწეობის ჩათვლით), დარჩენილი თანხა ეკუთვნის შრომით ძალას, რადგან სწორედ ეს რგოლი უზრუნველყოფს სამუშაოს, მნიშვნელობას, თანამშრომლობასა და შემოქმედებითობას, რაც პროდუქტის შექმნას სჭირდება. მარქსის აზრით, კაპიტალიზმი შედგება სამი ელემენტისგან, რომელთა ამოკითხვაც მისი წიგნის სტრიქონებს შორის შეგვიძლია. პირველი ელემენტია ასიმეტრია კაპიტალსა და შრომით ძალას შორის: პირველი ყოველთვის ასაქმებს მეორეს და არასდროს პირიქით. სწორედ ამიტომ, ხელფასიდან მიღებული შემოსავალი ეცემა, ხოლო კაპიტალის შემოსავალი თანდათანობით იზრდება. მეორეა გაცვლითი ჯაჭვის შებრუნება: სტანდარტული ბაზარი იწყება საქონლით, რაც იცვლება ფულზე და რაც, თავის მხრივ, გამოიყენება სხვა საქონლის შესაძენად. შესაბამისად, გაცვლისთვის მომგებიანია საქონლის გაცვლა და არა ფულის დაგროვება. ამასთან, კაპიტალისტური ბაზარი იწყება და მთავრდება ფულით, რის საფუძველზეც საქონლის, ფასიანი ქაღალდების თუ ნებისმიერი სხვა რამის გაცვლა მხოლოდ საშუალებაა.  ამ გაცვლის არაპირდაპირ შედეგებს ფართო მასშტაბით დღესდღეობით ყველაზე მეტად „ეარბიენბი“ (Airbnb) და „უბერი“ (Uber) ასახავენ. კაპიტალისტური ბაზრის მესამე ელემენტს წარმოადგენს ის, რომ პირველი ორის ურთიერთდინამიკა იწვევს იმ კომპანიების სწრაფ ზრდას, რომელთაც კარგი საწყისი კაპიტალი ჰქონდათ ან უბრალოდ გაუმართლათ. ეს ზრდა განპირობებულია სხვების შთანთქმითა და წარმოების მასშტაბების გაზრდით განპირობებული ეკონომიის გზით ბაზრიდან მათი მოცილებით. შედეგად, ნებისმიერი კაპიტალისტური ბაზარი, რომელიც იწყება კონკურენციით, მთავრდება მონოპოლიით. მარქსის დროს, ამ ტენდენციას უკვე რეგიონალური მასშტაბი ჰქონდა. დღესდღეობით ჩვენ ამ ტენდენციას გლობალური მასშტაბებში ვხედავთ ისეთ კომპანიებში, როგორებიცაა „უნილევერი“ (Unilever), „შელი“ (Shell), „ეფლი“ (Apple), და „გუგლი“ (Google).

პოსტპანდემიური ეკონომიკა კაპიტალიზმის გარეშე 

სმიტისა და მარქსისგან ის შეგვიძლია ვისწავლოთ, რომ ჭეშმარიტად პოსტკაპიტალისტური ეკონომიკას, ე.ი. უკაპიტალიზმო ეკონომიკას, სამი მახასიათებელი უნდა ჰქონდეს.

პირველ რიგში, ეს არის მეტი სივრცე ზრუნვის ეკონომიკისა და სახელმწიფოსთვის, რათა ბაზარი უფრო მკაცრად იყოს კონტოლირებადი და ჩართული საზოგადოებაში. სოციალური მიზანი უფრო პრიორიტეტული უნდა იყოს, ვიდრე აქციონერებისთვის ფულადი სახსრების დაგროვება. ეს ასევე გულისხმობს სწორხაზოვანი ეფექტურობიდან – მასშტაბური სპეციალიზაციიდან, მასობრივი კომუნიკაციიდან, გლობალიზაციის მაღალი ხარისხიდან –  გადასვლას  ურთიერშემავსებელ ეფექტურობაზე – ერთობლივ ძალისხმევაზე, მოქნილობასა და ადგილობრივ დასაქმებაზე. ავიღოთ მაგალითად, სოფლის მეურნეობა და აგრო-მეტყევეობა ან ინგლისის ქალაქ პრესტონის ძლიერი ადგილობრივი ეკონომიკა მძიმე რეცესიის შემდგომ. 

მეორე, რაც პოსტკაპიტალისტურ ეკონომიკას სჭირდება არის საწარმოები, შრომით ძალასა და კაპიტალს შორის უთანასწორობის გარეშე. მაგალითად, კოოპერატივები, რომლებშიც მფლობელებიც მშრომელები ან მომხმარებლები  არიან. (პირველი შემთხვევის მაგალითია ესპანურ კორპორაცია „მონდრაგონი“, რომელსაც 70 000-ზე მეტი წევრი ჰყავს, ხოლო მეორისა – ქარის ენერგიის კოოპერატივები). ეს ასევე ეხებათ თვითდასაქმებულ ადამიანებსაც, რომლებიც ერთიანდებიან ფონდებში (Bread Fonds) და რომელთა ინიციატივები თუ სტარტ-აპები ბევრად უკეთესად პასუხობს სოციალურ მოთხოვნებს. ამის მაგალითია ინკუბატორები კომპანია „ფილიპსის“ ძველ ტერიტორიაზე ეინდჰოვენში; ან სხვადასხვა თემში დაფუძნებული სოციალური საწარმოები, სადაც მოგება მხოლოდ სოციალური გავლენისა და ცვლილების საწინდარია. ამრიგად, ფულადი სახსრები არ გაედინება გარე აქციონერებზე. 

მესამე მახასიათებელი, რაც პოსტკაპიტალისტურ ეკონომიკას სჭირდება, არის ადგილობრივად მოქმედი ბაზრები, სადაც ცენტრალური მნიშვნელობა ექნება საჭირო პროდუქტსა თუ სერვისს, ხოლო ფული მხოლოდ საზოგადოებრივი ვალუტა იქნება. არსებობს უამრავი წარმატებული მაგალითი იმისა, თუ როგორ ფუნქციონირებს საზოგადოებრივი ვალუტა ოფიციალური ვალუტის პარალელურად. ასევე არსებობს ადგილობრივი გაცვლითი სავაჭრო სისტემები და დროის ბანკები, რომლებშიც შრომით ბაზარს ჩამოშორებული ადამიანები  წარადგენენ ისეთ სერვისებს, რომელთა ღირებულებაც გამოხატულია დროში და ამ დროისთვის სერვისის შეძენა თავად შეუძლიათ. ასევე არსებობს ბაზრები, რომლებიც აღარ არიან დამოკიდებულნი საქონლის ყიდვა-გაყიდვაზე, არამედ აქირავებენ ან იჯარით გასცემენ კვლავწარმოებად სერვისებს. შედეგად, კერძო საკუთრება და დაგროვება ჩანაცვლებულია ახალი ტიპის კომუნებით, რომლებშიც საქონლის მატერიალური ეფექტიანობა უპირველესად განიხილება ეკოლოგიური თვალსაზრისით და არა კომპანიის ან აქციონერის ფინანსების ეფექტური დაგროვებით თანასწორობის, გარემოსა და ეკონომიკური სტაბილურობის ხარჯზე. 

რა შეგვიძლია ვთქვათ ეკონომისტების მიერ შემოთავაზებული, კაპიტალიზმის გაუმჯობესებული ვერსიების შესახებ? რა შეგვიძლია ვთქვათ, მაგალითად, თომას პიკეტის უფრო მაღალი საშემოსავლო გადასახადის, ან ქეით რაუორთის „დონატის ეკონომიკის“, ანდაც ჯოზეფ სტიგლიცისა და ბას ჯეიკობსის წინადადებაზე ოლიგოპოლიებისა და ფასების გარეგანი უარყოფითი გავლენების მკაცრი რეგულირების შესახებ? ამ იდეების უმეტესობის ადგილი შეიძლება ვიპოვოთ პოსტკაპიტალისტურ ეკონომიკაში. თუმცა, ეს იდეები გრძელვადიან პერსპექტივაში მხოლოდ მაშინ იქნება ეფექტური, თუ ამასთანავე, შესრულდება სმიტი-მარქსის კრიტერიუმებიც. სხვა შემთხვევაში, კოვიდის კრიზისის შემდეგ, კაპიტალიზმი ბაზარს კვლავაც  თავის სამსახურში ჩააყენებს. 

Hello!

DoGood theme is especially made for charities & fundraising. Making the WP world a better place!

Our info
Follow us