კლიმატის ცვლილება არის ინდუსტრიალიზაციით გამოწვეული ზიანი. ინდუსტრიული
აგროკულტურა და მეცხოველეობა; ინდუსტრიული მეთევზეობა; ნავთობის და სხვა რესურსების მოპოვება; მასიური წარმოებები – ამ ყველაფრის ჯამური შედეგი არის დედამიწის ბუნებრივი საფარის განადგურება. ჩვენ უკვე ვხედავთ ამ განადგურების შედეგებს – ამინდი და ტემპერატურა უფრო ხშირად ექსტრემალური ფორმით გამოვლინდება, მიწათმოქმედებისთვის გამოყენებული მიწის ერთი მესამედი გაუდაბნოებულია და არაერთი სხვა მსგავსი შემთხვევაა სახეზე.


რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება უმოქმედობა კლიმატის ცვლილების მიმართ, მით უფრო მძიმე შედეგებს მოგვიტანს ის და ეს არ არის შორეული მომავლის პერსპექტივა. ეს არის მიმდინარე პროცესი, რომლის გამოწვეულ შედეგებსაც ჩვენ უკვე ვხვდებით ყოველდღიურ ცხოვრებაში.

კლიმატის ცვლილებაზე საუბრისას ხშირად ხდება აპელირება ინდივიდუალურ
პასუხისმგებლობაზე. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ინდივიდუალური პასუხისმგებლობის
გააზრებაც. ეს ხელს შეუწყობს გარემოსთვის მიყენებული ზიანის შემცირებას, თუმცა საკითხის ინდივიდუალურ პასუხისმგებლობამდე დაყვანა გლობალური მასშტაბის პრობლემას ვერ გადაწყვეტს. ასეთ მასიურ ზიანს იწვევს კაპიტალისტური და იმპერიალისტური ჩარევა მსოფლიოში, შესაბამისად მთელი სოციალური ცხოვრების ორგანიზება არის ფუნდამენტალურად შესაცვლელი ამ პროცესის შესაჩერებლად.
კლიმატის ცვლილება ითვლება სხვადასხვა ორგანიზმების გადაშენების ერთ-ერთ მიზეზადაც. ის გავლენას ახდენს ბიომრავალფეროვნებაზე პლანეტის თითქმის ყველა კუთხეში. მიუხედავად ამისა, ხშირად ყურადღების მიღმა რჩება ის ფაქტი, რომ ბიომრავალფეროვნების დაკარგვა ასევე ამძაფრებს კლიმატის ცვლილებას და ცვლის გლობალური ამინდის პირობებს.

ბიომრავალფეროვნება არის სიცოცხლის ჯამი დედამიწაზე. იგი მოიცავს ყველა ინდივიდუალურ ცოცხალ არსებას, კომპლექსურობის თუ ზომის მიუხედავად და ამ სიცოცხლის ქსელის შედეგად წარმოქმნილ სარგებელს. დედამიწის კლიმატური პატერნები ნაწილობრივ, მისი ბიომრავალფეროვნების პირდაპირი შედეგია. ჩვენ შეგვიძლია დავაკვირდეთ ამ ურთიერთობის შაბლონებს მსოფლიოს მრავალ რეგიონში. ასეთი ყველაზე მნიშვნელოვანი მაგალითებია: ა) სამხრეთ ამერიკაში ნალექის 70% გამოწვეულია ამაზონის ტროპიკული ტყეების მიერ წარმოქმნილი ამინდის პირობებით. ბ) ბორეალური ტყეები რუსეთში, კანადასა და სკანდინავიაში არის დედამიწის ყველაზე დიდი მიწისზედა ნახშირბადის დამუშავების სისტემა. ის ინახავს საკმარის ნახშირბადს დედამიწის კლიმატის კატასტროფული ცვლილებისთვის, თუ იგი გამოიყოფა ტყეების გაჩეხვის შედეგად. გ) ოკეანის სიცოცხლე, წყალმცენარეებიდან პლანქტონამდე თევზებამდე, რომლებიც მოქმედებენ საზღვაო ფლორის ბუნებრივ „მებაღეებად“, არის დედამიწის ყველაზე მნიშვნელოვანი ნახშიროჟანგის საცავი.

სიცოცხლეს – მცენარეებსა და ცხოველებს, რომლებიც ინარჩუნებენ არსებით ბალანსს ბუნებრივ ეკოსისტემებში – და კლიმატს შორის არსებული ურთიერთდამოკიდებულების გამო, ყოველ ჯერზე, როცა დედამიწის ბიომრავალფეროვნება ზიანდება, ნადგურდება ცოცხალი კომპონენტი, რომელიც ხელს უწყობს ამინდისა და ატმოსფერული ნახშიროჟანგის რეგულირებას. სახეობათა გადაშენება უკვე მიმდინარეობს და კლიმატის ცვლილების პარალელურად გადაშენებულთა რიცხვი მხოლოდ გაიზრდება. ინდუსტრიული ჩარევა ბუნებაში იწვევს ბუნების უშუალო განადგურებას, ეკოსისტემების დარღვევას და ბიომრავალფეროვნების შემცირებას, რაც აჩქარებს კლიმატის ცვლილებას. თავის მხრივ კლიმატის ცვლილება ნეგატიურად ზემოქმედებს ბიომრავალფებოვნებაზე რაც ურთიერთგანადგურების წრიულ პროცესს ქმნის მწვანე/სუფთა ენერგიაზე გადასვლამ, უშუალოდ ბუნებაში ჩარევის შემცირებამ და ურბანული სივრცეების რეორგანიზირებამ შეიძლება არ შეაჩეროს პროცესი, მაგრამ მსგავსი სოციო-პოლიტიკურ ცვლილებები პროცესს შეანელებს მაინც, რაც დიდი შეღავათი იქნება მანამ სანამ უფრო მდგრად მიდგომებზე დავალთ.

ურბანული პოლიტიკა
ურბანული პოლიტიკა გამოხატავს სახელმწიფოს დამოკიდებულებას სივრცითი, სოციალური და ეკონომიკური პროცესებისადმი, რომელიც ქალაქში ფორმირდება და ვითარდება. მისი მთავარი ფუნქციაა გარემოს რეგულირების ნორმებისა და წესების შემოღება და გატარება ქალაქის, რაიონისა თუ სახელმწიფოს დონეზე. იგი მიმართულია ინდივიდუალური და პირადი გადაწყვეტილებების, ეკონომიკური, ეკოლოგიური, სოციალური და საბაზრო ფაქტორების გასაწონასწორებლად.

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ურბანული პოლიტიკის ეკოლოგიური ნაწილი
ყოველთვის ექვემდებარებოდა ეკონომიკურ ინტერესებს. ეკონომიკური დომინაცია, იწვევს
ეკოლოგიის, როგორც საკმაოდ ფუნდამენტური აქტორის სუბორდინაციას. ნაცვლად იმისა, რომ მძიმე ეკოლოგიურ გამოწვევებსა და არსებულ სიტუაციას ლოკალურმა ურბანულმა პოლიტიკამ მკაცრად უპასუხოს, ვხედავთ, რომ სულ უფრო და უფრო ძლიერდება ეკონომიკის დომინაცია ეკოლოგიაზე. არსებული სიტუაცია კი ეკოლოგიურ მდგომარეობებს უფრო აზიანებს. ჩვენ არ ვამბობთ, რომ არ არსებობს ეკონომიკები, რომლებიც ეკოლოგიას არ ასტიმულირებენ და აძლიერებენ, ჩვენ ვამბობთ, რომ ლოკალურ ეკონომიკაში არ არსებობს ეს მექანიზმი.

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის მანძილზე, ლოკალური პოლიტიკების ცვლილებას თვალი რომ მივადევნოთ, გამწვანების პოლიტიკის ნაწილში ვნახავთ, რომ ის ყოველთვის ექვემდებარებოდა პოლიტიკური კლასის გემოვნებას, ესთეტიკურ არჩევანს ან პოლიტიკურ დივიდენდებს და არა სტრატეგიულ დაგეგმარებას, ან გამწვანების შესაძლებლობების კვლევებს.

მდგრადობაზე საუბრისას ჩვენ ვსაუბრობთ მთლიანად ქალაქის მდგრადობაზე და არა მაგალითად გამწვანების პოლიტიკისა და გამწვანებული სივრცეების მდგრად განვითარებაზე. ამიტომ, მაგალითად თბილისის გამწვანების პოლიტიკისა, თუ ეკოლოგიური მდგომარეობის ასპექტებში ჩვენ ამ ეტაპზე კატასტროფული შედეგების წინაშე ვდგავართ.
მაგალითად ვიცით, რომ თბილისში მწვანე სივრცეების ინვენტარიზაცია ბოლოს 30 წლის წინ ჩატარდა (1988 წ.), ასევე ვიცით, რომ საგანგაშო მდგომარეობაა ნახშირორჟანგის, ასევე
სხვადასხვა მავნე ნივთიერებების გამოყოფა-გავრცელების მხრივ მთლიან ურბანულ
ტერიტორიაზე. თბილისში ჰაერის ყოველდღიურ მდგომარეობას 3 სადამკვირვებლო სადგური აკონტროლებს, რაც საკმარისი არ არის ზუსტი მონაცემების ასაღებად. ვიცით, რომ 2015 წელს, თბილისის ტერიტორიაზე ერთ სულ მოსახლეზე 5.6 კვ/მ გამწვანება მოდიოდა და მონაცემები 2001 წლის აღწერას ეყრდნობოდა, რადგან მას მერე მსგავსი გაზომვა აღარ ჩატარებულა . მაშინ, როდესაც ქალაქის განვითარების გეგმა საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით უნდა ვითარდებდეს, ეკოლოგიას საერთაშორისოდ აღიარებული ტექნოლოგია არეგულირებდეს, ერთ სულ მოსახლეზე საშუალოდ, მინიმუმ 18-25 კვ/მ მწვანე სივრცე უნდა მოდიოდეს და ა.შ. ჩვენი ეკოლოგიური მდგომარეობის მაგალითად ევროკავშირის ქვეყნებში არსებულ სტანდარტებთან შედარება კიდევ უფრო ნათლად გამოკვეთს ტრაგიკულ შედეგებს.

ალტერნატივად გვესახება ურბანული გარემოს ინკლუზიური კვლევები, ურბანული გარემოს
როგორც ერთიან კონცეფციად გაგება და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება ამ საკითხში.
ქალაქი უნდა განიხილებოდეს, როგორც ადამიანების (შენობები) ასევე ბუნების (მწვანე
სივრცეები) კავშირად. მის ფარგლებში არსებული ბუნებრივი და ხელქმნილი მწვანე სივრცეების კავშირად და ერთიან სისტემად. ამ ეტაპზე ურბანულმა პოლიტიკამ პრიორიტეტად მწვანე სივრცეების გადარჩენა და შექმნა უნდა დაისახოს. ხელი უნდა შეეწყოს განვითარებისა და ეკონომიკური პროგრესის მხოლოდ იმ მოდელებს, რომელიც თავისთავში იგულისხმებენ მწვანე სივრცეების ურთიერთკაშირის გაძლიერებას ან მათ გაზრდას მათი ერთმანეთისგან სამშენებლო ობიექტებით გამიჯვნის სანაცვლოდ. უნდა ჩატარდეს მწვანე სივრცეების ინვენტარიზაცია, გაიზომოს ერთ სულ მოსახლეზე არსებული მწვანე სივრცის მონაცემი და ზოგადად მეცნიერება უნდა დაეხმაროს ბუნებას აღდგეს ის ურბანულ გარემოში და მისცეს მოქალაქეს ჯანსაღი ცხოვრების საშუალება, რომელიც თითოეული ჩვენგანის მიზანს უნდა წარმოადგენდეს.

Hello!

DoGood theme is especially made for charities & fundraising. Making the WP world a better place!

Our info
Follow us