ეპოქაში, როცა ციფრული, დელოკალიზებული ტრანზაქციები ხშირად გვევლინება ნორმად, როგორ შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ, რომ კორპორაციები თავიანთ გადასახადებს იხდიან, მაშინ, როდესაც კანონებში არსებული არაერთი ხარვეზი მათ თავის დაძვრენის საშუალებას აძლევს. რატომ ვერ ახერხებენ პოლიტიკოსები იმ ადამიანთა მხილებას, რომლებიც ამ ხარვეზებს ბოროტად იყენებენ? წინამდებარე ინტერვიუში ეკონომისტმა იან მოულიერ-ბუთენგმა და მწვანეების თანაპრეზიდენტმა ევროპარლამენტში, ფილიპ ლამბერტსმა ეს და არაერთი სხვა საკითხი განიხილეს.
მწვანე ევროპული ჟურნალი: რა გავლენას იქონიებს ეკონომიკის „უბერიზაცია“ და „დიგიტალიზაცია“ (გაციფრულება) გადასახადების საკითხზე და შესაძლებელია თუ არა ამ საკითხთან მიმართებით ევროპის მასშტაბით ერთიანი მიდგომის არსებობა?
იან მოულიერ-ბუთენგი: არსებითად, დღევანდელ დღეს ჩვენ სამდონიან სისტემას ვხედავთ: კორპორაციული გადასახადი მულტიეროვნული კომპანიებისთვის 2-3%-ია, ფრანგული CAC40 კომპანიები იხდიან 11%-ს; საფრანგეთში მცირე და საშუალო ბიზნესის წამომადგენლებისთვის გადასახადი 34%-ს წარმოადგენს, გერმანიაში 32%-ს, ხოლო ინგლისში 34%-ს. ეს სურათი სრულიად აცდენილია ჩვენს წარმოდგენებს, რომელთა მიხედვითაც მცირე და საშუალო ბიზნესს ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთი უნდა ჰქონდეს.
მსგავსი სისტემა მხოლოდ იმიტომ არსებობს, რომ მოქმედმა ეკონომიკამ და პოლიტიკოსებმა ციფრული რევოლუცია და მისი გავლენა წარმოებასა და საგადასახადო სისტემაზე ვერ მოიხელთეს. მათ მხედველობიდან მეორე რევოლუციაც გამორჩათ, მონაცემებზე დაფუძნებული ეკონომიკის სახით, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს და რომელიც თავდაყირა აყენებს დასაქმების სფეროს ფორმებსა და მომავალს. „ბუნებრივად“, სრული განაკვეთით მუშაობის პირობებში, ფულის გამომუშავება სულ უფრო იშვიათი ხდება. „უბერიზაცია“ გვიჩვენებს ამ პროცესს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში, მათ შორის, მომსახურების სფეროსა და ძირითად ეკონომიკურ სექტორებშიც კი. საფრანგეთის ეკონომიკის მინისტრი ემანუელ მაკრონი არ ერიდება რეაქციონისტულად აღნიშნოს, რომ „ახალგაზრდა ადამიანისთვის უფრო მარტივია იპოვოს კლიენტები, ვიდრე დამსაქმებელი“.
ამ პირობებში, საკითხი შემდეგნაირად უნდა დავსვათ: რისი დაცვა ღირს ეკონომიკის „უბერიზაციის“ პირობებში? უნდა მიემართებოდეს თუ არა წინააღმდეგობის ტალღა უკვე მოპოვებული უფლებებისა და სამუშაო ადგილების დაცვას და ციფრულ ეკონომიკას დასაქმებულთა უზრუნველყოფას შესაბამისი სამუშაო პირობებითა და უფლებებით აიძულებდეს, თუ უნდა ვეცადოთ სრულიად ახლებური მიდგომა შევიმუშავოთ? მაგალითად, დავებეგროთ „უბერი“ არა მისი მოგების მიხედვით, რომლის დადგენაც შეუძლებელია, არამედ მისი ფინანსური ბრუნვით.
ფილიპ ლამბერტსი: გადასახადები ემსახურება სამ მიზანს: სახელმწიფო სერვისების დაფინანსებას, ხელახლა გადანაწილებასა და ეკონომიკის მასტიმულირებელ აქტივობებს. დებატები სახელმწიფო სერვისების გარშემო დღემდე დღის წესრიგშია (მაგალითად, რომელი სერვისების დაფინანსება უნდა იყოს უფრო პრიორიტეტული), თუმცა, როდესაც საქმე ხელახლა გადანაწილებასა და ეკონომიკის მასტიმულირებელ ქმედებებს ეხება, ძნელია ვუარყოთ, რომ დღევანდელი საგადასახადო სისტემა ჩვენი სურვილებისა და წარმოდგენების საპირისპიროდ მუშაობს. როგორც იანმა სწორად აღნიშნა, ჩვენ სულ უფრო ნაკლებად ვიყენებთ ხელახლა გადანაწილებასა (რედისტრიბუციას) – განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე კორპორაციულ და ინდივიდუალურ გადასახადებს ეხება. რესურსების ეფექტიანად გამოყენებასა და ნახშირბადის დაბალი შემცველობის მქონე ეკონომიკური საქმიანობის წახალისებაზე საუბრისას, შეუძლებელია ვთქვათ, რომ საგადასახადო სისტემებში მთავრობებისთვის გარემოსდაცვითი კომპონენტი პრიორიტეტულია.
უნდა ითქვას, მე იანის შეფასებას არ ვიზიარებ იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიტიკოსები არსებულ სიტუაციას ვერ ხვდებიან. პირიქითაც კი, მჯერა რომ პოლიტიკოსებს ყველაფერი შესანიშნავად ესმით. იმის გათვალისწინებით, რომ სისტემა არანაირად არ რეაგირებს ეკოლოგიასთან დაკავშირებულ კრიტიკულ მდგომარეობაზე და მკაცრად ანტი-რედისტრიბუციული მიდგომებით მოქმედებს, ეს შეგნებული გადაწყვეტილების შედეგია. ბელგიის, ირლანდიის, მალტისა და ინგლისის გადაწყვეტილება, უზარმაზარი საგადასახადო შეღავათები დაეწესებინა დიდი შემოსავლის მქონე მულტიეროვნული კომპანიებისთვის, შემთხვევითი არ ყოფილა, ეს წინასწარგანზრახული გადაწყვეტილება იყო. კორპორაციული შენატანების შემცირებაც შეგნებული არჩევანია. ხელისუფლებათა მოქმედებისთვის საჭირო გახდა ისეთი გახმაურებული საგამოძიებო საქმეები, როგორებიცაა „SwissLeaks“, „LuxLeaks“, „Offshore Leaks“ და „Panama Papers“.
ჩვენი ეკონომიკის ცვლილებების მიმართ ცოტა სკეპტიკურად განწყობილი ვარ. ყველა ეს ბიზნესი ხელშესახები ბიზნესია. ავიღოთ, მაგალითად, „ამაზონი“: ადამიანები პროდუქციას უკვეთავენ; ეს პროდუქცია ჯერ ფიზიკურ ლოკაციაზე, შემდგომ კი იდენტიფიცირებადი ადგილიდან იგზავნება; „უბერს“ მგზავრების გადასაყვანად მძღოლიანი მანქანები ჰყავს. სასაცილოა იმის თქმა, რომ საგადასახადო ბაზა ხელშესახები არ არის. ეს სიცრუეა. პროგრამული და ვიდეო თამაშებთან დაკავშირებული ონლაინ საქმიანობაც კი IP მისამართის მეშვეობით ხორციელდება, რომლის პოვნაც ძალიან მარტივია. სხვა შემთხვევაში, თქვენი აზრით, როგორ მოახერხებდა ჩინეთი ინტერნეტის რეგულირებას?
ფილიპის აზრით, ცენტრალური საკითხი ზოგადად საგადასახადო სისტემა უნდა იყოს, ხოლო იანი უფრო მეტ ყურადღებას ახალ ეკონომიკაზე ამახვილებს. რა განსხვავებაა ამ ორ თვალსაზრისს შორის?
იანი: მოდით გადავხედოთ „ამაზონს“. ფიზიკური პროდუქტის მიწოდებიდან არსებული „ამაზონის“ ბრუნვა, არსებითად აღემატება მის რეალურ შემოსავალს. „ამაზონის“ ფინანსური შემოსავლი იმის ხარჯზე მიიღწევა, რასაც მარქსი „აბსოლუტურ ზედმეტ ღირებულებას“ უწოდებს, ანუ თავისი დასაქმებულების გაუსაძლისი შრომითი პირობებით. ამასთანავე, ცოტამ თუ იცის, რომ „ამაზონი“ დიდ ფულს შოულობს თავისი ვებსერვისებიდან და წარმოადგენს უდიდესი კორპორაციული „ქლაუდის“ მომწოდებელს („პროვაიდერს“). მისი ფინანსური ბრუნვის უდიდესი წილი სწორედ ამ საქმიანობაზე მოდის და გადასახადებს უსხლტება.
ევროკავშირის ფარგლებში, ნაწილობრივ ღია ეკონომიკაში, ფულადი გადარიცხვები – მულტიეროვნული კომპანიების საერთაშორისო დახურული ვაჭრობაც კი – იმგვარი გადარიცხვების წარმოების საშუალებას იძლევა, რომლებიც მატერიალური არ არის და შესაბამისად, სამწუხაროდ, ჩვენ არ შეგვიძლია მისი რეალურობა შევაფასოთ. ჩვენ ვიცით მხოლოდ უკანასკნელი მომხმარებელი დღგ-ს გადასახადის გამო, ვინაიდან მოხმარება დაბეგვრას ექვემდებარება. ვისურვებდი იმგვარი გადასახადი მენახა, რომელიც წარმოების ეტაპზევე იქნებოდა დაწესებული და არა მხოლოდ მოხმარებისას.
ფილიპი: მულტიეროვნული კორპორაციების მიერ საგადასახადო სისტემაში აგრესიული მანიპულაციების თავიდან აცილების ერთადერთი გზა ევროპულ საგადასახადო სისტემებში არსებული ფრაგმენტაციის აღმოფხვრაა. ეს, უპირველესად, წევრ ქვვეყნებს შორის ობიექტური კრიტერიუმების საფუძველზე, მოგების ერთიანი და სამართლიანი განსაზღვრების გამოყოფას მოითხოვს. მან უნდა მოიცვას როგორც ფიზიკური ინვესტიციები (როგორიცაა „ამაზონის“ სადისტრიბუციო შენობა ლუქსემბურგში; რომლის იდენტიფიკაცია და ლოკალიზაციაც შესაძლებელია), ისე სამუშაო ძალა და ფინანსური ბრუნვაც (მაგალითად, ჩვენთვის ცნობილია რომ „ამაზონი“ გერმანიაში პროდუქციას „ქლაუდ“ სერვისების მეშვეობით ყიდის). სამწუხაროდ, საერთო კონსოლიდირებული კორპორაციული საგადასახადო ბაზის (CCCTB) შექმნის გეგმა ამჟამად საბჭოს დონეზე განხილვის ეტაპზეა.
იანი: მე დავამატებდი მეოთხე ელემენტსაც: ტრანზაქციებს. ყველასთვის ცნობილია, რომ მაგალითად, პანამაში საგადასახადო თავშესაფრის მქონე კომპანიები, ამით არა მხოლოდ პირადი ფინანსების დამალვას ცდილობენ, არამედ იმ სისტემის ნაწილიც არიან, რომლის მეშვეობითაც, ბიზნესი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ქრთამებს გასცემს. ქრთამები ჩვეულებრივი მოვლენაა და რაც უფრო ნაკლები ყურადღება ექცევა ქვეყანაში რედისტრიბუციას, მით მეტია ქრთამებიც. ყველაზე ნაკლებად ამ ტიპის ქმედებებისკენ მიდრეკილნი არიან სკანდინავიის ქვეყნები, რომლებსაც საუკეთესო სოციალური უზრუნველყოფის პაკეტები აქვთ. ყველაზე სუსტი პოლიტიკური სისტემებისა და მმართველობის მქონე ქვეყნებში კორუფცია და ქრთამი დისტრიბუციის მექანიზმად გამოიყენება. ამის გამოსწორება შესაძლებელია არა მხოლოდ ფინანსური ბრუნვის მიზანში ამოღებით, არამედ განსხვავების ხაზგასმით იმ კორპორაციას შორის, რომლის წლიური ბრუნვა 5-მილიონ ევროს შეადგენს და რომელიც ფულადი გადარიცხვისთვის „ოფშორისა“ და საგადასახადო თავშესაფრების გამოყენებით კომპლექსურ სისტემას იყენებს და იმ 5-მილიონი ევროს ბრუნვის მქონე კორპორაციას შორის, რომელიც ნაკლებად მიმართავს ამ სახის ოპერაციებს. იგივე უნდა ვრცელდებოდეს პირად სიმდიდრეზე.
ფილიპი: რეალური გამოწვევა კორპორაციული გადასახადის კუთხით 28 წევრი ქვეყნისთვის საერთო საგადასახადო ბაზის შექმნაში მდგომარეობს. ფულის ევროკავშირის ფარგლებს გარეთ გასვლის შემთხვევაში საქმე მართლაც მარტივადაა: თუ თანხა არ მიდის საგადასახადო საკანონმდებლო ორგანოში, რომლის მეშვეობითაც იგი იბეგრება, იგი ავტომატურად და პროპორციულად უნდა დაიბეგროს ტრანზაქციამდე. ეს ევროკავშირის ფარგლებშივე უნდა გადაწყდეს. ამისათვის საჭირო იქნება უარი ითქვას იმაზე, რასაც მე კაპიტალის თავისუფალი მიმოქცევის დოგმატურ დაცვას ვეძახი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სანამ მსოფლიო დემოკრატია საერთაშორისო საგადასახადო სისტემით იარსებებს, აშკარაა, რომ დემოკრატიის და, ამ შემთხვევაში, ევროკავშირის საზღვრები ვაჭრობისთვის არსებული საზღვრების როლსაც ითავსებს. საზღვრები არ არის გაუვალი რამ, უბრალოდ, მათ გადასაკვეთად ფორმალობების შესრულებაა საჭირო. ამჟამად სისტემა მაქსიმალურად მიმართულია იმისკენ, რომ ხელი შეუწყოს კაპიტალის თავისუფალ მოძრაობას ევროკავშირის შიდა საზღვრებში. საზღვრების გადაკვეთა შეიძლება არ შეეძლოთ მიგრანტებს, თუმცა თავისუფლად შეეძლოს კაპიტალს. კაპიტალის გზები და დინება შესაძლებელია მართული იყოს და სწორედ ესაა ციფრული ეკონომიკის მშვენიერებაც.
სამართლიან დაბეგვრას რომ დავუბრუნდეთ, ხელახლა გადანაწილების, სოციალური თანასწორობისა და დასაქმების გათვალისწინებით, რა ნაწილში შეიძლება გაუმჯობესდეს ევროკავშირის პოლიტიკა და რა რეკომენდაციებს იძლევიან ამ მიმართულებით „მწვანეები“?
ფილიპი: უპირველესად, რაც გაუმჯობესებისთვის არის საჭირო, ესაა სისტემის ცვლილება. ამჟამინდელი სისტემა უსამართლო და არაეფექტურია ამ გარდაქმნის ხელშესაწყობად იმ ინსტიტუტებისთვისა და ადამიანებისთვის, რომლებიც მას ქმნიან. ჩვენ ამ პროცესის მიმართ უზარმაზარი წინააღმდეგობა გვაქვს სახეზე. სწორედ ამიტომ მიმაჩნია, რომ არსებული სისტემა არა ვერგაგების, არამედ არჩევანის საფუძველზე ჩამოყალიბდა.
სისტემის შესაცვლელად, ჩვენ რამდენიმე ინსტუმენტი გაგვაჩნია, რომელიც ევროპაში ხელმისაწვდომი არ არის. ძირითადი პარამეტრი, რომელიც გადამხდელის მასშტაბის მიხედვით დისკრიმინაციას იწვევს არის ის, რომ მსხვილი კორპორაციული ან ინდივიდუალური გადასახადის გადამხდელებს შეუძლიათ საზღვრები თავიანთ სასარგებლოდ გამოიყენონ, მაშინ, როდესაც მცირე გადამხდელებს ეს არ შეუძლიათ. რედისტრიბუციის ბალანსის გადახრა მცირე გადამხდელთა სასარგებლოდ არც ისე რთულია და ეს უნდა განხორციელდეს ეროვნულ დონეზე. თუმცა, ამასთანავე საჭირო იქნება ევროპის მასშტაბით არსებული მიდგომა, რომელიც დიდ გადამხდელებს უფრო მაღალი გადასახადებით დაბეგვრავს.
პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ევროკავშირის 28 წევრი ქვეყანა და მათი წარმომადგენელი პოლიტიკოსები, იმის მაგვივრად, რომ საგადასახადო პოლიტიკის გზით კონტროლის აღდგენაზე ერთად იმუშაონ, ამ საკითხების ირგვლივ მუდამ ეროვნულ, სუვერენულ მიდგომას ამჯობინებენ, რაც კლასობრივი და ძალაუფლებრივი ფაქტორით აიხსნება.
რეალურად ამ პროცესისთვის ხელისშემშლელია არა საკითხის სირთულე, არამედ პოლიტიკური ნების არარსებობა. როდესაც „მწვანეებმა“ „LuxLeaks“-ის საგამოძიებო კომიტეტს საკითხის ევროპულ პარლამენტში დაყენება მოსთხოვეს, სპეციალური კომიტეტის შექმნაც კი საბრძოლველი აღმოჩნდა. პანამის დოკუმენტების შემთხვევაში, ჩვენ მფლობელი კომპანიების, ფონდებისა და მათი მეურვეების სრული სია გვჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ ეს შესაძლებელია ევროკავშირის შიგნით, ჩვენ ამ დრომდე მუდმივად გვიმეორებენ, რომ ამის გაკეთება მსოფლიოს დანარჩენ ქვეყნებში შეუძლებელია (მაშინ, როცა ამერიკის შეერთებულ შტატებში უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტით (FATCA) ფინანსურ ინსტიტუტებს მოეთხოვებათ პირდაპირ აცნობონ მსგავსი ინფორმაცია საგადასახადო სამსახურებს; ეს ეხება როგორც კერძო კომპანიებს, ასევე სახელმწიფო ინსტიტუტებს).
ჩვენს ხელთ დღესდღეობით არსებული ინსტრუმენტების მიუხედავად, ევროპაში ამჟამად არსებული სისტემა მოქმედი პოლიტიკური კლასის შექმნილია და ის მასზე უარს არ იტყვის, სანამ ზეწოლის ძალით ამის აუცილებლობა არ დადგება, ან სანამ ამ ძალაუფლებას არ მოსცილდება. გადასახადებისგან თავის არიდებისა და უსამართლო სისტემის წინააღმდეგ ბრძოლა ჩვენი შესაძლებლობების მიღმა არ არის, განსაკუთრებით დღევანდელ დღეს – გლობალიზებულ, გაციფრულებულ საზოგადოებაში.
არსებობს თუ არა სამართლიანი გადასახადების გარდა სხვა ბერკეტები სიმდიდრის გადანაწილების, სრული დასაქმებისა და სოციალური ცვლილებების მისაღწევად?
იანი: სრულიად ვეთანხმები ფილიპის გამოთქმულ მოსაზრებას ამ საკითხში მოქმედი მთავრობების პოზიციის შესახებ. ის, რომ დღეს ჩვენ ევროკავშირში სოციალური დაცვის, საგადასახადო სისტემის, ეკონომიკური და ინდუსტრიული პოლიტიკის მიმართულებით ერთდროული მუშაობა გვჭირდება, ნამდვილად პრობლემას წარმოადგენს.
დასაქმებასთან და სამუშაო ძალასთან დაკავშირებული პრობლემები, ჩემი აზრით, გადამწვეტი საკითხებია და მათი განხილვისას ჩვენ თავიდან უნდა ავიცილოთ დაშვება, რომ ეს მკაცრად ევროპული პრობლემებია. იაპონიაც, აშშ-ც და დანარჩენი მსოფლიოც ამ პრობლემების წინაშე დგას. გაციფრულებამ ჩვენი მუშაობის წესი, პროდუქტიულობა, წარმოება და ზოგადად, ამ ცნებების მნიშვნელობაც კი სრულიად შეცვალა. ეს არის სფერო, რომელიც სულ უფრო მასობრივი და მობილური ხდება და კერძო თუ სახელმწიფო ეკონომიკასთან ტრადიციული გაგებით მკაცრად დაკავშირებული არ არის. საქმიანობის ეს სფერო მასშტაბურია და უფრო იზრდება. იგი დაკავშირებულია ნებისმიერი ოდენობის იმ ტიპის ხელფასებთან, რომლებსაც სამუშაო ურთიერთობათა არსებული კანონები არ ფარავს.
ამდენად, ეს სფერო თავის თავში უფრო ვრცელ შინაარსს მოიცავს, ვინაიდან ყველაფერთან ერთად, არის თანამონაწილეობრივი. აქ იგულისხმება ისეთი ტიპის საქმიანობა, რომელიც სამუშაო არ არის და შესაბამისად აუნაზღაურებელია, თუმცა თავისი წვლილი შეაქვს პროდუქტიულობის გამომუშავებაში. ამის მაგალითია სოციალური სოლიდარობის პოლიტიკა, ის ადამიანები, რომლებიც კანონდარღვევების შესახებ შესაბამის ორგანოებს ინფორმაციას გადასცემენ, ყველა, ვინც „მწვანეებმა“ დააწინაურეს და ეს ყველაფერი მნიშვნელოვან როლს თამაშობს იმ საქმეში, რასაც მე დამტვერვას ვადარებ.
ეს სამი სფერო თავის გავლენას აფართოებს, ხოლო ტრადიციული დასაქმების ფორმები უკვე სულ უფრო იშვიათად გვხვდება. დასაქმების სფეროდან გამოთიშვა ციფრული პლატფორმების და ფსევდო-„ფრილანსერების“ მეშვეობით ხდება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ არსებობს შემომწირველობითი პლატფორმები, რომლებიც იმ აუცილებელი, თუმცა არარსებული სახელმწიფო სერვისების მაგივრობას სწევენ.
ამჟამად არსებულ არა ეკოლოგიურ, არამედ ციფრული ეკონომიკისაკენ მიმართულ გარდამავალ პერიოდში, არსებობს ტრადიციული დასაქმების მოდელის დაკარგვის საფრთხე, რაც თავისთავად მოიცავს ამ მოდელთან დაკავშირებულ სოციალური დაცვის პაკეტების დაკარგვასაც. ეს შეუქცევადი ხდება. ტრადიციული დასაქმების მოდელი ერთ ღამეში არ გაქრება, თუმცა ჰორიზონტზე მყოფ ლამაზ შენობად დარჩება, რომელიც სავსეა ამოუვსებელი ხვრელებით, რომლებიც თანდათანობით იშლება. იმავდროულად, რეალური ცხოვრება ამ შენობის გარეთ იარსებებს. რეალურ ცხოვრებაში ვგულისხმობ იმ ბედკრულ ადამიანებს, რომლებსაც შემოსავლის წყაროს პოვნა მოუწევთ. ამ ხვრელების ამოსავსებად, დასაქმების ტრადიციული მოდელის შენარჩუნება ცალკე-ცალკე სახელმწიფო და კერძო სამუშაო ადგილების დაცვითაა შესაძლებელი. იმის გათვალისწინებით, რომ ამ სამსახურების ნაწილი გაქრება, ეს ადამიანები უზურუნველყოფილნი უნდა იყვნენ შესაბამისი დაცვის მექანიზმებით, შესაძლოა, უნივერსალური შემოსავლის სახით.
ჩვენ შეგვიძლია განვიხილოთ სადაგასახადო სისტემა, თუმცა რაც ყველაზე მეტად მაღელვებს, ეს არის დასაქმება. ჩვენ ვთანხმდებით, რომ ზოგიერთი მაღალჩინოსანი არსებული სიტუაციის შესახებ საქმის კურსშია, თუმცა, როგორც ფილიპმა აღნიშნა, ისინი ეროვნულ ინტერესებს იცავენ, პრობლემის გადაჭრის საერთო, ევროპული მიდგომის აუცილებლობას არ იზიარებენ და უკეთესი შედეგის მომტანად მხოლოდ ეროვნული მიდგომა მიაჩნიათ. ისინი ამით ფართო საზოგადოების წინაშე დასაქმებასთან დაკავშირებით თავს იმართლებენ . რეალურ პრობლემას ის კი არ წამოადგენს, მართალია ეს თუ არა, არამედ ის, რომ მსგავსი რამ ამართლებს.
ფილიპი: არა მგონია რომ ეს ამართლებდეს: მსგავსი პოლიტიკის მქონე პარტიების ამომრჩეველთა რიცხვი დღითიდღე მცირდება. ეს აღარ არის სტრატეგია, რომელსაც არჩევნებში გამარჯვების მოტანა შეუძლია. რაღაც მხრივ, პოლიტიკოსებს ის შეიძლება თავიანთი სამუშაო ადგილების ხარჯზე დაუჯდეთ, ვინაიდან ხალხი ამით ვეღარ მოტყუვდება. „ეროვნული ფრონტიც“, სავარაუდოდ, იმავეს გააკეთებს, თუმცა ეს უკვე რეალური გამოსავალი არ არის. ვინც ამგვარ პოლიტიკას აწარმოებს, არჩევნებში გამარჯვებას რეალურად მიიჩნევს, მაგრამ ჩემი აზრით, ეს ადამიანები იმ ტოტს ჭრიან, რომელზეც თავად სხედან. როგორც მე მესმის, წარმოებული დამატებითი ღირებულების მქონე პროდუქციის დიდ ნაწილს დღევანდელ დღეს მანქანები ქმნიან: კომპიუტერები, რობოტები და ა.შ.; შესაბამისად, ის იქმნება კაპიტალის და სულ უფრო ნაკლებად ადამიანის მიერ. მიზანი კი, კაპიტალიზმსა და შრომით ძალას შორის არსებულ ბალანსში, სამუშაო ძალის მანქანებით ჩანაცვლების ხარჯზე, კაპიტალის მზარდი წილის შენარჩუნებაა. როგორც იანმა აღნიშნა, ანაზღაურებადი სამუშაოს დარჩენილი მცირე ნაწილიც ეკონომიკის „უბერიზაციისგანაა“ განადგურებული. კაპიტალისთვის ხომ საუკეთესო სცენარი საჭიროების შემთხვევაში მუშა ხელის დაქირავება, ხოლო სხვა დროს მისი უგულებელყოფაა.
უთანასწორობის თავიდან ასაცილებლად, პიკეტიმ ბრწყინვალედ დაიცვა კაპიტალის დაბეგვრის იდეა, თუმცა, ისევ და ისევ სოციალური და სახელმწიფო სერვისების დაფინანსებისთვის. ყველა ეს მიზეზი კაპიტალის დაბეგვრის შესახებ აზრს კიდევ უფრო ამყარებს. ცხადია, ამ ქმედებით ჩვენ გულში ლახვარს უპირველესად მათ დავცემთ, ვინც დღეს ამ სისტემით სარგებლობს და არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ ისინი ამას ხალისით არ შეხვდებიან. თუ მარინ ლე პენის მსგავსი ადამიანი, ჰიტლერის კვალდაკვალ, შეძლებს კონვერგენციის პოვნას, დიდი კაპიტალის ინტერესების სასარგებლოდ, მთელი პროცესი შეჩერებული იქნება. სხვანაირად რომ ვთქვათ, უნდა შეიქმნას ძლიერი სახელმწიფო, რათა ახალმა ხელისუფლებამ ყველას კანონიერად ლეგიტიმური ინტერესები დაიცვას.
1 ტერმინი მომდინარეობს ამერიკული ტექნოლოგიური კომპანია „უბერის“ („Uber”) სახელიდან და აღწერს მომსახურების სფეროზე დაფუძნებული ინდუსტრიის გარდაქმნას კომპიუტერული პლატფორმების მეშვეობით, როგორებიცაა მობილური აპლიკაციები. მომხმარებლებსა და მომსახურების მიმწოდებლებს შორის ტრანზაქციების თავმოყრის მიზნით, ეს მოდელი უკვე არსებულ შუამავლებს ე.წ. პლატფორმის ეკონომიკაში ხშირად გვერდს უვლის. ტრადიციული ბიზნესისგან განსხვავებით, ამ ბიზნესმოდელს განსხვავებული საოპერაციო ხარჯები აქვს. (მთარგმნ. შენიშვნა)
2 შტატგარეშე მომუშავე ადამიანი (მთარგმნ. შენიშვნა)
3 საუბარია საფრანგეთის მემარჯვენე პოლიტიკურ პარტიაზე (მთარგმნ. შენიშვნა).
4 ფრანგი ეკონომისტი თომას პიკეტი (მთარგმნ. შენიშვნა).
5 სხვადასხვა სოციალური და პოლიტიკური სისტემების, მათი სტრუქტურების თანდათანობითი დაახლოება ურთიერთკავშირის, თანამშრომლობისა და ურთიერთგაგების საფუძველზე, არსებითი წინააღმდეგობების გადალახვა და საერთო მახასიათებლების შეძენა. წყარო: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.] (მთარგმნ. შენიშვნა)