არის თუ არა მსოფლიოს გარშემო კორონავირუსის კრიზისზე მთავრობების პასუხი იმის მტკიცებულება, რომ ნეოლიბერალიზმის დღეები დათვლილია? 2008 წლიდან საფრთხის ქვეშ მყოფი ნეოლიბერალიზმის იდეოლოგიური შემოთავაზება ჩვენი კრიზისებისგან თავის დასაღწევად საიმედო გზას აღარ წარმოადგენს. იგორ მატუტინოვიჩი ნეოლიბერალურ მსოფლმხედველობას და მის სოციალურ და ეკოლოგიურ შედეგებს ხსნის. პანდემიიდან მზარდ უთანასწორობამდე და კლიმატურ რღვევამდე – თანამედროვეობის კომპლექსური პრობლემები ახალ პასუხს საჭიროებს.
თუ გავითვალისწინებთ აშშ–ს კონგრესის მიერ კოვიდ-19-ის დახმარებაზე 3 ტრილიონი დოლარის ღირებულების ფედერალური ბიუჯეტის დამტკიცებას და ევროკავშირის 750 მილიარდ ევროიან შემოთავაზებას პოსტ–პანდემიური ეკონომიკის აღსადგენად, ნეოლიბერალიზმი – საკუთარი აქცენტით თავისუფალ ბაზარზე და მინიმალურ სახელმწიფო ჩარევაზე – უფრო და უფრო არარელევანტურად შეიძლება მოგვეჩვენოს. ეკონომიკაში ორი მასიური სახელმწიფოებრივი ჩარევა, პირველად 2008 წლის ფინანსური კრიზის შემდეგ, და მეორედ ახლა, ნამდვილად მერყევი ნეოლიბერალიზმის ვარდნით დასასრულზე უნდა მიუთითებდეს. თუმცა, ისტორია გვიჩვენებს, რომ ძლიერი იდეები რთულად კვდება. კრახის შემდეგაც, ისინი სრულად არასდროს არ ქრება, განსაკუთრებით მაშინ, როცა ამ იდეებს უნივერსიტეტებში უდაო ჭეშმარიტებად ასწავლიან. მაგრამ შეგვიძლია შემდეგი პანდემია კერძო ჯანდაცვის სექტორს დავუტოვოთ? როგორც იანის ვარუფაკისი მიგვითითებს, მისი როლი მიმდინარე პანდემიაში მცირეა. თუ მომავალი კრიზისების შესამსუბუქებლად საჯარო ჯანდაცვის სისტემის და სოციალური უსაფრთხოების ქსელების გაძლიერების დროა? უკეთესი მომავლის ხედვის შესახებ საუბრამდე, საჭიროა ნეოლიბერალიზმის პრინციპების და მათი შედეგების კრიტიკული განხილვა.
იდეოლოგიის ისტორია
ნეოლიბერალიზმი მეორე მსოფლიო ომის დასასრულიდან განვითარდა როგორც ღირებულებების, წარმოდგენების, თეორიული კონცეფციების, პოლიტიკური მიმართულებების და კერძო ინტერესების გადახლართული წყობა. მის ფესვებს ფრიდრიხ ფონ ჰაიეკის მიერ 1947 წელს დაარსებულ მონ პელერინის საზოგადოებამდე მივყავართ, რომელიც ისეთ სწავლულებს აერთიანებდა, როგორებიც ლუდვიგ ფონ მიზესი, მილტონ ფრიდმანი და კარლ პოპერი იყვნენ. ამ მოაზროვნეებს კომუნისტური, სახელმწიფოს მართული, არადემოკრატიული საზოგადოებების შიში ამოძრავებდათ. ვიქტორ შამასის დაკვირვების მიხედვით – „მონ პელერინის საზოგადოება ბაზრის კულტის კვაზი–ევანგელიურ პროსელიტიზმს ეთმობოდა.“ მისი წევრები საფრთხეს მთავრობის ძალაუფლებასა და ზრდაში ხედავდნენ. მათი ბაზრების უზენაესობის რწმენა და მთავრობისადმი უნდობლობა ადამ სმიტის მსგავსი კლასიკოსი ლიბერალი ეკონომისტებიდან მოდის. სმიტი მიიჩნევდა, რომ სახელმწიფომ „ღამის გუშაგის“ როლი უნდა ითამაშოს – ეკონომიკურ პროცესებში არ უნდა ჩაერიოს და მხოლოდღა ეკონომიკურ სუბიექტებს შორის დადებული კონტრაქტები ძალის გამოყენებით უნდა დაიცვას. თუმცა, როგორც ერიკ ჰობსბაუმმა ჩამოაყალიბა, „ნეოლიბერალიზმი ადამ სმიტის იდეების აბსურდამდე დაყვანაა.“ [1]
ერთ–ერთი უდიდესი ნეოლიბერალური წინააღმდეგობა იმ წარმოდგენაში მდგომარეობს, რომ საბაზრო ეკონომიკა თავისთავად სტაბილურია – შეხედულებაში, რომელსაც მონეტარისტები, როგორიცაა მილტონ ფრიდმანი, და ზოგადად ორთოდოქსი ეკონომისტები იზიარებენ. საპირისპიროზე მიგვითითებს იმ განმეორებადი რეცესიების და კრიზისების ისტორიული გამოცდილება, რომლებსაც გარდაუვლად მივყავართ სახელმწიფო ჩარევამდე. ფრიდმანის დამოკიდებულება თავისუფლებისადმი ცენტრალური იყო ნეოლიბერალიზმის მიმართ მის ერთგულებაში. მან ერთხელ განაცხადა : „თავისუფალი ბაზრის ეკონომიკა ყველაზე ეფექტური სისტემა რომც არ იყოს, მე მას მხარს მაინც დავუჭერდი – იმ ღირებულებებისთვის, რომლებსაც ის წარმოადგენს : არჩევნის თავისუფლება, გამოწვევებთან დაპირისპირება, რისკების მიღება.“ [2] თუმცა რისკის ნეოლიბერალურ იდეას სახელმწიფო დახმარების განმეორებითი საჭიროება საფუძველს აცლის. ნეოლიბერალები არ ეწინააღმდეგებიან სახელმწიფო ჩარევას როცა გადასახადების გადამხდელთა ფული კერძო სექტორის დანაკარგების ასანაზღაურებლად გამოიყენება. თუმცა, შემდეგ ისინი მუდამ მოითხოვენ სახელმწიფოსგან უკან დახევას, სოციალური და კეთილდღეობის დანახარჯთა შემცირებას გადასახადების გადასახდელად. ეს არათანმიმდევრულობა კორპორაციული სექტორის ინტერესებს ემსახურება. საშემოსავლო გადასახადის შემცირებიდან საბანკო დერეგულაციებამდე – მცირე, თუმცა ძლევამოსილი უმცირესობისთვის სასარგებლო პოლიტიკის დაცვა ფსევდო–მეცნიერულ ლიბერტარიანულ ინსტიტუტებს შეგვიძლია მივანდოთ.
[…] სოციალური ქმედებები მრავალი ინდივიდის მოქმედებათა ჯამად აღიქმება და არა კონკრეტული პოლიტიკური ან სოციალური სისტემის ნაწილად.
ნეოლიბერალური იდეალები – როგორებიცაა საჯარო არჩევანი, რაციონალური არჩევანი, შემოთავაზებაზე ორიენტირებული ეკონომიკა, მონეტარიზმი – პოლიტიკური და ბიზნეს ელიტის კონფორმისტული ეკონომიკური განათლების საფუძველს წარმოადგენს. ეს თეორიები დაფუძნებულია აბსურდულ დაშვებებზე, რომლებსაც ადამ სმიტი არც კი უახლოვდებოდა – ასეთია იდეაც, რომლის მიხედვითაც ადამიანები ისე მოქმედებენ, როგორც რაციონალური, ეგოისტი მოქმედი პირები, რომლებიც მყარი მისწრაფებების საფუძველზე პირად ინტერესს მაქსიმალურად ზრდიან და იდეალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით მოქმედებენ. ამ დაშვეებებს უსაბამებენ ყველას და ყველაფერს: მომხმარებლებს, მეწარმეებს, ხმის მიმცემებს, კანონმდებლებს, ბიუროკრატებს, დასაქორწინებელ წყვილებსაც კი. სოციალური ქმედებები მრავალი ინდივიდის მოქმედებათა ჯამად აღიქმება და არა კონკრეტული პოლიტიკური ან სოციალური სისტემის ნაწილად. მარგარეტ ტეტჩერის ცნობილი სიტყვები ამ დამოკიდებულებას თვალნათლივ გვიჩვენებს: „საზოგადოება არ არსებობს. არსებობენ კაცები, ქალები და ოჯახები“. სადაც არ არსებობს საზოგადოება, არ არსებობს არანაირი სოციალური სოლიდარობა, არანაირი საერთო მიზანი ან მისწრაფება, ბევრად ნაკლები პასუხისმგებლობით ეკიდებიან მომავალ თაობებს თუ ჩვენთვის უმნიშვნელოვანეს გარემოს. რაც რჩება – ეს უმიზნო ეკონომიკური ზრდა და ერთეულებისთვის ინდივიდუალური სიმდიდრის დაგროვებაა. თუმცა, ასეა მხოლოდ მორიგ კრიზისამდე, როცა მთავრობა და გადასახადის გადამხდელი მნიშვნელობას თავიდან იძენენ. სახელმწიფოს მიერ კერძო სექტორის სტიმულირების თანმხლები მკაცრი ეკონომიკა: ესაა თვითრეგულირებადი ბაზრის ყალბი დაპირებების და მოძველებული მონეტარული თეორიის ფორმალობების უკან დამალული ნეოლიბერალიზმის პოლიტიკური პლატფორმა.
უკანასკნელი 40 წლის განმავლობაში, ნეოლიბერალურმა იდეოლოგიამ ეკონომიკის ფინანსიალიზაცია და ფინანსური სექტორის დერეგულაცია მოახდინა. ეკონომიკა ბევრად უფრო არასტაბილური გახდა, კორპორაციული ინვესტიციების რაოდენობა კი – შემცირდა. ამან პროდუქტიულობის და ზრდის განაკვეთის კლებამდე, საჯარო სექტორის მომსახურებათა შეკუმშვამდე, საჯარო ვალის ზრდამდე, სტაბილური სამსახურების რაოდენობის შემცირებამდე და შემოსავლის უთანასწორობის აღმავლობამდე მიგვიყვანა. როგორც მიმდინარე პანდემიური კრიზისი გვიჩვენებს, ნეოლიბერალიზმმა – კაპიტალური რეზერვების მიხედვით – უკიდურესად სუსტი კერძო სექტორი წარმოქმნა. ბევრი ბიზნესი ორ თვიან უმოქმედობასაც ვერ უძლებს მაშტაბური სამთავრობო დახმარების გარეშე. შეიძლება ჩაითვალოს რომ ნეოლიბერალიზმში კაპიტალიზმმა სიცოცხლისუნარიანობის უმცირეს დონეს მიაღწია. მალევე ჩნდება კითხვა: როგორ მოახერხა მან საკუთარი თავის ამდენ ხანს შენარჩუნება? რობერტ კუტნერი მოხერხებულ პასუხს გვთავაზობს: „ნეოლიბერალურმა თეორიამ ელიტებისთვის მისი მოხერხებულობის და ინტელექტუალური კაპიტალის ინერციული ძალის დამსახურებით გაძლო.“ ბერლინის კედლის დაცემის შემდეგ ალტერნატიული იდეოლოგიების გაქრობამ და შემდგომმა დარტყმამ სოციალისტურ იდეებსა და მემარცხენე პარტიებზე საკუთარი როლი ითამაშეს.
რეცეპტი კატასტროფისთვის
ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, რომელიც საკუთარ ბიოფიზიკურ საზღვრებს ეძალება, განსაკუთრებით კლიმატის ცვლილებასთან და ბიომრავალფეროვნების კლების გათვალისწინებით. კაცობრიობის უწყვეტი ზრდა ბუნებრივ ჰაბიტატებში და სახეობათა გადაშენება გზას უხსნიან ისეთი ახალი პათოგენების გავრცელებას, როგორიც კოვიდ-19-ა. ეს დაავადებები როგორც ჯანმრთელობას, ისე ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას საფრთხეს უქმნიან. შემოსავლის უკიდურესი უთანასწორობა – როგორც ქვეყნებს შორის, ისე მათ შიგნით – სოციალური მწყობრის ბუნებას ნათლად გვიჩვენებს და გლობალურ სტაბილურობას ძირს უთხრის. პრობლემებთან ეფექტურად გამკლავება ინფრასტრუქტურის, შემწეობის, ჯანდაცვისა და საგანმანათლებლო სისტემებში მასიურ ინვესტიციებს მოითხოვს. ჩვენ უნდა გადავიაზროთ ჩვენი ურთიერთობა ბუნებასთან, ჩვენი ცხოვრების სტილი, და ზოგადად ჩვენი ღირებულებები. წარმოიდგინეთ ამ ყველა უპრეცედენტო გამოწვევის დატოვება იმ იდეოლოგიისთვის, რომელიც საზოგადოებისთვის არაფერს ქმნის, რომელიც მომავალს ბაზრის ახირებებს უტოვებს, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ უკონტროლო ეკონომიკურ ზრდას ემსახურება.
საზოგადოებრივი რეალობის უარყოფით, ნეოლიბერალიზმი სოციალურობის, როგორც ადამიანების ძირეული თვისების, აღქმას ვეღარ ახერხებს. ჩვენ გადავრჩებით არა როგორც აბსტრაქტულ ჯგუფებში თავმოყრილი იზოლირებული და ეგოისტი ინდივიდები, არამედ როგორც საერთო ღირებულებებით, წარმოდგენებით, და მიკუთვნებულობის გრძნობით გაერთიანებული კულტურულად განსხვავებული საზოგადოებების წევრები. ინდივიდი ჭეშმარიტად ადამიანური მხოლოდ სოციალიზაციის საშუალებით ხდება, და ეს მხოლოდ ბირთვული (ნუკლეარული) ოჯახების დონეზე არ ხდება. კაცობრიობის ყველა დიადი მიღწევა სოციალურ ბაზაზეა დაშენებული: ცეცხლის გამოყენებიდან მთვარეზე დაჯდომამდე, ნეოლითური რევოლუციიდან კომპლექსურ ინდუსტრიულ საზოგადოებებამდე. ჩვენი უსაშინლესი გადაცდომები და პათოლოგიები – ნადავლის სურვილოთ მოტივირებული ომებიდან ჰოლოკოსტის ტრაგედიამდე – ასევე სოციალურ დონეზე ვითარდებიან. საზოგადოების არარსებობის იდეა გამოცდას ვერ უძლებს, და შესაბამისად, ვერანაირი გონივრული ეკონომიკური და საჯარო პოლიტიკის საფუძვლად ვერ გამოდგება.
წარმოიდგინეთ ამ ყველა უპრეცედენტო გამოწვევის დატოვება იმ იდეოლოგიისთვის, რომელიც საზოგადოებისთვის არაფერს ქმნის, რომელიც მომავალს – ბაზრის ახირებებს უტოვებს, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ უკონტროლო ეკონომიკურ ზრდას ემსახურება.
მეთოდოლოგიური ინდივიდუალიზმის საფუძველი – რომლის მიხედვითაც ჯგუფური დინამიკა მხოლოდ და მხოლოდ ინდივიდუალური თვისებებიდან სპონტანურად ამოიზრდება – ვერ ახერხებს გააცნობიეროს, რომ კომპლექსურ სისტემებში, ახალი ორგანიზაციული დონეები ახალ მახასიათებებლებს ქმნიან, რომელთა განსაზღვრაც ინდივიდუალურ აგენტთა თავისებურებებით – შეუძლებელია. ბიოლოგიურად თანდაყოლილი შემეცნებითი უნარებისა და ინსტიქტური მოქმედებების გარდა – სხვა ყველა არატრივიალური უნარი სოციალიზაციის გავლით გამომუშავდება. ინდივიდები ჩვენს შემადგენელ საზოგადოებებში ჩაშენებული და მათ მიერ ჩამოყალიბებული არიან: ჩვენი მოქმედებები შეზღუდულია ინსტიტუტების, ღირებულებებისა და წარმოდგენების მიერ, რომლებიც მაღალი იერარქიული საფეხურიდან, საზოგადოებიდან წარმოიქმნება. მასშტაბურ კრიზისებს, ბუნებრივი კატასტროფებიდან – პანდემიების და კლიმატური ცვლილების ჩათვლით, არა ინდივიდი, არამედ საზოგადოება უმკლავდება და წარმართავს.
კლიმატის ცვლილებასთან გამკლავება, რომელიც მსოფლიოს გარშემო მრავალი საზოგადოების მომავალს ეხება, სწორედ საზოგადოების იდეაზე და საერთო მომავლის ხედვაზეა დამოკიდებული. რა თქმა უნდა – ჩვენ ერთი საფეხურით მაღლა უნდა ავიდეთ, ადგილობრივი საზოგადოებების ინტერესებს გავცდეთ და დავფიქრდეთ ჩვენი მთლიანი სახეობის ფარგლებში, როგორც ერთიანი გლობალური საზოგადოება. კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ უმნიშვნელოვანეს ინვესტიციებს თან არ უნდა ახლდეს თვითნებურად დაწესებული სასესხო განაკვეთები ან კერძო სექტორის დახმარება, როცა საჯარო ხარჯების დასაფარად სხვა, ბევრად რაციონალური საშუალებები არსებობს. ნეოლიბერალური იდეოლოგიის გამოყენებით მომავლის გამოწვევებთან გამკლავება – დათვთან ნემსით დაპირისპირებაა.
ნეოლიბერალიზმის შემდეგ?
თუ ნეოლიბერალური იდეოლოგია ისტორიის ნაგავსაყრელისკენ სწრაფი ტემპით მიიწევს – რა ჩაანაცვლებს მას? ცხადია, მისი მრავალი იდეა ნეოკლასიკური ეკონომიკის უმაღლეს კურსებში, ორთოდოქსი ეკონომისტების საჯარო გამოსვლებში, და კონსერვატორი პოლიტიკოსების რიტორიკაში მაინც დარჩება. მიუხედავად ამისა, უკანასკნელ ათწლეულში ალტერნატიული იდეები ჰეტეროდოქსულ ეკონომიკაში – კეინზიანიზმიდან და ძველი ინსტიტუციონალიზმიდან ეკოლოგიურ ეკონომიკამდე – თავიდან გაცოცხლდნენ.
ეს ახალი იდეები, დიდი ალბათობით, სოციალ–დემოკრატიული და მწვანე პარტიების პოლიტიკურ ორიენტაციასთან შესაბამისობაში მოვლენ. მარიანა მაცუკატოს მსგავსი პოლიტეკონომისტების ახალი თაობა კლიმატურ კრიზისში მთავრობის მნიშვნელობაზე, შემოსავლის უთანასწორობასა და უკეთესი საზოგადოების მშენებლობაზე ახლებური აზროვნების ჩამოსაყალიბებლად დოგმებს უპირისპირდება. მისი ნაშრომები კონცენტრირდება ახალი ეკონომიკის შენებაზე – რომელიც საერთო სარგებლისთვის იმუშავებს – სახელმწიფოს მიერ ეკონომიკის „მისიაზე აყვანით“, ნეოლიბერალიზმის მიერ მისთვის მინიჭებული პასიური და მინიმალური როლის მორგების საპირწონედ. ასეთი შეხედულებები მხოლოდ მას არ აქვს. სხვა არაორთოდოქსი ეკონომისტებიც, როგორიც ჰა–ჯუნ ჩენგია, ამტკიცებენ, რომ სახელმწიფოს მიერ სტაბილური, სამართლიანი, და დინამიკური ეკონომიკის შენარჩუნების საუკეთესო გზა ძლიერი კეთილდღეობის სახელმწიფოს შენება, ფინანსური სექტორის შესაბამისი რეგულირება, და ინდუსტრიული პოლიტიკის დაწესებაა. ინდუსტრიის განვითარების პოლიტიკის კონტექსტში, მაგალითისთვის, მთავრობა განსაზღვრავდა სოციალურ პრიორიტეტებს, როგორიცაა წრიული (ცირკულარული) ეკონომიკა, და შემდეგ სახელმწიფო კერძო სექტორს მათ მისაღწევად მომართავდა. სახელმწიფოს წინამძღოლობით, კერძო სექტორს ორი ძირითადი ფუნქცია ექნებოდა: პირველი, ინდუსტრიული სტრატეგიით დადგენილი კონკრეტული საჭიროებებისა და მიზნების გარშემო თვითორგანიზება, და მეორე, სუბსიდიების და კონკურენციის ერთიანი სტიმულით ინოვაციების შემუშავება. სადაც საჭიროა – სახელმწიფოს შეუძლია ჩაერიოს ინვესტიციით, მესაკუთრეობით, ან გამოკვლევის დაფინანსებით.
[…] ჩვენ კომპეტენტური მთავრობები გვჭირდება – ეფექტური და ფართოდ ხელმისაწვდომი საჯარო ორგანოებით და მომსახურებით.
კლიმატური ცვლილების, შემოსავლის უთანასწორობის, ან იზოლაციის მსგავს კომპლექსურ პრობლემებთან გასამკლავებლად, ჩვენ კომპეტენტური მთავრობები გვჭირდება – ეფექტური და ფართოდ ხელმისაწვდომი საჯარო ორგანოებით და მომსახურებით. მსგავს გამოწვევებზე პასუხის გასაცემად ბაზარი ზედმეტად ვიწროდ კონცენტრირებული და მოკლევადიან პერსპექტივებზე ორიენტირებულია.
კიდევ ერთი არაორთოდოქსი ეკონომისტი და თანამედროვე მონეტარული თეორიის მხარდამჭერი – სტეფანი კელტონი, რომელიც ბერნი სანდერსის აშშ–ს საპრეზიდენტო კამპანიის მრჩევლის პოზიციაზე იმყოფებოდა, სახელმწიფო ვალის ლიმიტების ჩვეულებრივ აღქმას თავდაყირა ატრიალებს – საჯარო ხარჯების დაკავშირებით „პოტენციურ მშპ–სთან“ და რეალურ რესურსების შეზღუდვასთან.
არგუმენტი შემდეგია: ეროვნულ ეკონომიკას ყველანაირი რესურსი გააჩნია – ადამიანური, ბუნებრივი და ფინანსური – მათი მყისიერი გამოყენება საზოგადოებრივი პრიორიტეტების დასაკმაყოფილებლად ინფლაციური ზეწოლის შექმნის გარეშეა შესაძლებელი (ანუ პოტენციური მშპ–ს ფარგლებში დარჩენით). მაგალითად, ფულადად დაფინანსებულ ფისკალურ პროგრამაში, ცენტრალურ ბანკს ხაზინის ახალი ფულით დაკრედიტება შეუძლია, ან მთავრობას საკუთარი ვალის გაზრდა ობლიგაციების გამოცემით. ბანკი თანხმდება გაურკვეველი ვადით იყიდოს და შეინახოს, რითიც ხაზინაში მიღებული პროცენტი გამოიქვითება. ორივე შემთხვევაში, არ არსებობს არც დაბრკოლება მომავლის ვალის დასაბრუნებლად და არც მომავალი გადასახადების გაზრდის საჭიროება. ამ პოლიტიკის გატარება შეუძლებელი იქნებოდა პრეინდუსტრიულ საზოგადოებებში, სადაც ფულის მოჭრა მაშინვე წარმოების ზრდის ტექნიკურ შეუძლებლობას ეჩეხებოდა და შესაბამისად ნებისმიერ შემთხვევაში ინფლაციას იწვევდა. თანამედროვე მაღალპროდუქტიული, ტექნოლოგიაზე დაფუძნებული საზოგადოებები მსგავს ლიმიტებს არ აწყდებიან. არ არსებობს არც ფორმალური ვალის შექმნის საჭიროება და არც პირობითი ვალი/მშპ თანაფარდობით შეზღუდვის საჭიროება – საერთო კეთილდღეობის მისაღწევად. არსებობს მხოლოდ რესურსებთან დაკავშირებული შეზღუდვა. ამ ხედვის მიღებამ შეიძლება უდიდესი როლი ითამაშოს ისეთ პრობლემებთან გასამკლავებლად, როგორიც კლიმატური ცვლილებაა, რომლებიც ხანგრძლივ, მასშტაბურ ინვესტიციებს და ფართო პოლიტიკურ მხარდაჭერას მოითხოვენ.
არ არსებობს არანაირი მატერიალური შეზღუდვა ევროპაში „მწვანე ახალი კურსის“ („Green New Deal“) ხვალვე დასაწყებად.
მოკლევადიან გეგმაში – პანდემიის მიერ გამოწვეული რეცესიასთან, ხოლო გრძელვადიანში – კლიმატურ კრიზისთან დაპირისპირებისთვის საჭირო რესურსები უკვე ჩვენს ხელთაა. არ არსებობს არანაირი მატერიალური შეზღუდვა ევროპაში „მწვანე ახალი კურსის“ („Green New Deal“) ხვალვე დასაწყებად. 2020 წლის აპრილში, ევროკავშირის სიმძლავრის გამოყენება ინდუსტრიაში 70,1%-ს წარმოადგენდა და უკანასკნელ 25 წელიწადში 85%-ს არ აცდენილა, რაც ინფლაციის ზრდის გარეშე ახალი სამთავრობო დანახარჯების შესაწოვად საჭირო გამოუყენებელი სიმძლავრის არსებობაზე მიუთითებს. დღევანდელ მდგომარეობაში მკაცრი ეკონომიკური პოლიტიკის გატარება არანაირ გონივრულ საფუძველს არ ატარებს. ის ეჭვგარეშე კონტრპროდუქტიული იქნებოდა, მისი ერთადერთი შედეგი კი ალბათ პოპულისტი მემარჯვენეების მიერ ხმის მიმცემების ხელში ჩაგდება იქნება – როგორც ეს 2008-2009 წლების რეცესიისას მოხდა – და შესაბამისად – ევროკავშირის მომავლისთვის ძირის გამოთხრა. ჩვენ არ შეგვიძლია მე-20 საუკუნის ნაციონალიზმის სასიკვდილო შეცდომების დავიწყება.
კორპორატიული სექტორის დიდი ნაწილის ლიდერები, როგორებიც არიან აშშ–ს ბიზნეს–მრგვალი მაგიდის გარშემო შეკრებილები, ნეოლიბერალური იდეოლოგიის ერთ–ერთ საფუძველს – მხოლოდ აქციონერების ინტერესების მომსახურებას საჯაროდ უარყოფენ – და საკუთარ ერთგულებას ყველა მეწილის მიმართ გამოხატავენ. ძირითადად ევროპაში დაფუძნებული კომპანიების სხვა დიდმა ჯგუფმა, რომელიც ჯამში 2,4 ტრილიონ დოლარადაა შეფასებული, საკუთარი ხმა შემატა გუნდს, რომელიც მოითხოვს მწვანე აღდგენას კორონავირუსისგან. ეს და სხვა ინიციატივები გვიჩვენებენ, რომ კერძო სექტორი ცვლილებისთვის მზადაა. მთავრობებმა ეს შესაძლებლობა მტკიცე და სამართლიანი ეკონომიკისკენ ნაბიჯის გადასადგმელად უნდა გამოიყენონ და სოციალ–დემოკრატებმა, მწვანეებმა თუ სხვა მემარცხენე პროგრესულმა პარტიებმა მოწინავე რიგებში უნდა გადაინაცვლონ.
ნეოლიბერალური იდეოლოგია კაპიტალიზმის სპონტანურ ევოლუციად არ წარმოქმნილა. ის არასწორ მეცნიერებაზე დაფუძნებული იდეოლოგიური კონსტრუქციაა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კონკრეტულ პოლიტიკურ გარემოებებში დაიბადა. ის პოლიტიკურ არენაზე გავლენიანი ეკონომისტების დამსახურებით, კონკრეტულ ისტორიულ მომენტში, გვიან 1970-იანებში გავრცელდა. თუმცა, მისი მამები დიდი ხანია მოკვდნენ, და დროა, ისიც ისტორიის სასაფლაოზე დავტოვოთ.
სქოლიო
[1] ერიკ ჰობსბაუმი (2011). როგორ შევცვალოთ სამყარო : მარქის და მარქსიზმის ამბები. გამომცემელი : Little, Brown; ლონდონი
[2] ს.კ. სარკარი (2012). კაპიტალიზმის კრიზისი : პოლიტიკური ეკონომიკის განსხვავებული კვლევა. გამომცემელი : Counterpoint Press
[3] მარიანა მაცუკატო (2018) ყველაფრის ღირებულება. გამომცემელი : Penguin; ლონდონი.
[4] ჯა–ჯუნ ჩენგი (2012) 23 რამ, რასაც კაპიტალიზმის შესახებ არ გეუბნებიან. გამომცემელი : Bloomsbury Publishing; აშშ